პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა დასრულდა

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება ქვეყნის ორგანული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმეზე, გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქმე არ ეხება რიგით დამნაშავეებს – ეს არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა შეთანხმებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

ლორთქიფანიძის თქმით, გამოკითხვაზე კონკრეტულ გვარებზე, კავშირ-ურთიერთობებზე და მოვლენებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ლოგიკურ ბმაზე იყო საუბარი.

“6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა. ვთვლი, რომ გამოკითხვა წარიმართა მაღალკვალიფიციურ დონეზე, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. უწყვეტ რეჟიმში წარმართული გამოკითხვის დროს, ჩვენ შევეხეთ 8- წლიან მონაკვეთს. 8 წლის განმავლობაში, აქცენტია იმ პერიოდებზე, რომელიც უკავშირდება 2005, 2006, 2007, 2012 წელს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ პერიოდზე, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე გამოძიებისთვის თუ რა საპარლამენტო კონტროლი ხორციელდებოდა დავით გარეჯის კრიზისის პერიოდი, როდესაც გამწვავდა ინციდენტების დონეზე, როდესაც ჩვენ დამოუკიდებელი ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” აღმოვჩნდით ერთადერთი საპარლამენტო ქვედანაყოფი, რომელიც ჩაერთო ამ პროცესის გასარკვევად, ამ პროცესის მოსაგვარებლად და აი ეს ყველა დეტალი იქნა ასახული გამოკითხვის პროცესში.

მე არ მინდა ყველა დეტალზე ვისაუბრო, გარდა უმთავრესისა და მინდა გითხრათ, დასაწყისში სანამ შევიდოდი, რა თქმა უნდა, თქვენთან არ ვისაუბრებდი აქცენტი გავაკეთე თავდაცვის სამინისტროზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი მთელ ამ პროცესში არის ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აქ მე პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით, შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება ქვეყნის ორგანული ინტერესების წინააღმდეგ და პირადად ერთი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვთვლი, რომ იქნება გარკვეული წვლილი გამოძიების წარმატებით დასრულების საკითხში.

მინდა მოვუწოდო სრულიად საქართველოს მოსახლეობას საქმე არ გვაქვს რიგით დანაშაულთან, ეს არის დანაშაული რომელიც აუცილებლად დაკვალიფიცირდებოდა სამშობლოს ღალატის მუხლით სააკაშვილს რომ არ ამოეღო ეს მუხლი თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსის მატერიალური ნაწილიდან. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე რიგით დამნაშავეებთან – ეს არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა შეთანხმებული ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მსგავსია შაჰ-აბასობის, მსგავსია თემურ – ლენგობის, მსგავსია მურმან – ყრუობის და ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და შავი წერტილი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

გამოკითხვაზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ გვარებზეც იყო საუბარი, კავშირ-ურთიერთობებზეც იყო საუბარი, კონკრეტულ ლოგიკურ ბმაზეც იყო საუბარი იმ მოვლენებთან და ფაქტებიდან გამომდინარე, რომელსაც ადგილი ჰქონდა. მე მორალური, ეთიკური და სამართლებრივი და შედეგზე ორიენტირებული ფინალის მოლოდინიდან გამომდინარე ყველა დეტალზე საუბრისგან თავს შევიკავებ, პერსონიფიცირება და პერსონების ურთიერთდაკავშირება ახლა მიკროფონებთან და ჩართული კამერების წინ, არც თქვენი მისია არ უნდა იყოს და არც ჩემი.

აქ საუბარი არის უწყებებზე და უწყებებში კონკრეტულ დროს ჩანიშნულ და განვითარებულ მოვლენებზე. რა იყო, როგორ იყო აი ჩემი ოფიციალური ჩვენება არის უკვე მიცემული, მხარეს შეუძლია მას გაეცნოს ადვოკატების მონაწილეობით. აქ არაფერი საიდუმლო და არაფერი ასე ვთქვათ, კონსპირაციის ფარგლებში არ განიხილება“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არის რუკები, რომელიც განადგურებულია, რადგან არსად არ არის დაცული.

„საქართველოში 1961 წლიდან ფუნქციონირებდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომლის სახელწოდება იყო “მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევითი საპროექტო ინსტიტუტი”. ამ ინსტიტუტში დაცული იყო უნიკალური არქივი რუკებისა, ანუ კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალისა. აქ იყო 50 000-იანი, 100 000-იანი, ყველა ტიპის პლანშეტი, რომელიც გახლავთ კონკრეტული ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის შემადგენელი ნაწილი, რომლის აწყობის შედეგად ვიღებთ კონკრეტულ სურათს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის. ასევე, იყო კულტურული მემკვიდრეობა მე-19-ე საუკუნის სამაზრო რუკებისა – აი ამ ინსტიტუტის დახურვა, მე თუ მკითხავთ თავისთავად არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინაიდან, მისი დახურვა და შემდგომში ის ბედი, რაც მან გაიზიარა ნამდვილად ცალკე სისხლის სამართლის წარმოების დაწყების საფუძველს უნდა იძლეოდეს. ის დაიხურა 2005 წელს მოულოდნელად და ყველა მასში მომუშავე პირი იქნა გათავისუფლებული. 2006 წელს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიაში ხორციელდება ფუნდამენტალური ცვლილებები, 1996 წლიდან 2006 წლამდე რიგითი წევრის სტატუსის მოღვაწე ბატონი ივერი მელაშვილი წინაურდება და ხდება ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. ამ საექსპერტო ჯგუფში მასთან ერთად თავს იყრის სხვადასხვა ექსპერტი და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კარტოგრაფიის განყოფილების სპეციალისტი ქალბატონი ნატალია ილიჩოვა, რომლის ზედამხედველი პირიც გახლავთ დღევანდელი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი, ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც იყო მაშინ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პირდაპირ ახორციელებს საკურატორო ზედამხედველობას ილიჩოვაზე. შესაბამისად 2006 წელს, მას შემდეგ რაც შეიკრა დელიმიტაციის ახალი კომისია და დაენიშნა მას საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელად ბატონი ივერი მელაშვილი, აი ამ პერიოდში იწყება შტურმი “მიწათმოწყობის ინსტიტუტზე” , რომელიც 2005 წლიდან არის დაკეტილი და ბალანსიდან ბალანსზე არის გადატანილი ეკონომიკის სამინისტროში. 2006 წლის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროში და ამ პერიოდში მინისტრი გახლავთ დავით კეზერაშვილი, იმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მოწვეულნი არიან სხვადასხვა სპეციალისტები და მათ შორის, სამუშაო შეხვედრაზე იძახებენ “მიწათმოწყობის ინსტიტუტის” ყოფილ პროექტის მთავარ ინჟინერს, ზურაბ ბოჭორიშვილს, რომელიც არის დაკითხული მოცემულ საქმეზე, როგორც მოწმე. მე მინდა ხაზი გავუსვა ზურაბ ბოჭორიშვილის განსაკუთრებულ სამოქალაქო გმირობას, რომელიც მან გამოიჩინა, როდესაც კონკრეტულად დაასახელა ის ფაქტობრივი გარემოებები თუ როდის მოუწია მას თავდაცვის სამინისტროში მისვლა, რა გარემოებაში მოუწია მას იმ სამუშაო შეხვედრაზე და რა მოხდა იქ. იქ იყო ერთადერთი შეკითხვა დასმული – ეძებდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის სასაზღვრო მონაკვეთის ამსახველ რუკას და ამ რუკასთან დაკავშირებით აინტერესებდათ ინფორმაცია სად ინახებოდა ეს რუკა. ბატონმა ზურაბ ბოჭორიშვილმა მიუთითა, რომ ეს რუკა შესაძლოა ინახებოდა იმ ინსტიტუტში, რომლის სახელწოდებაც არის “მიწათმოწყობის სახელმწიფო ინსტიტუტი”. ვინაიდან, იქ ინახებოდა ძალიან ბევრი რუკა და მან იცოდა, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო მსგავსი რუკაც. აბსოლუტურად რაც კი გამოსულა მეოცე საუკუნეში და არამარტო მეოცე საუკუნეში, მეცხრამეტე საუკუნეშიც ინახებოდა სწორედ ამ ინსტიტუტში და ეს მიუთითა ზურაბ ბოჭორიშვილმა. იქვე გამოიყო სამი მაღალჩინოსანი, დაახლოებით პოლკოვნიკის თანამდებობის პირები, 3 სამხედრო პირი ზურაბ ბოჭორიშვილთან ერთად გაემართნენ “მიწათმოწყობის ინსტიტუტში”. ეს ინსტიტუტი იყო დაკეტილი, ზურაბ ბოჭორიშვილმა მიუთითა სად ინახებოდა კონკრეტულად პლანშეტები, სად ინახებოდა რუკები, მაგრამ იქ შესვლას სჭირდებოდა გასაღები. დაწესებულება იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. რა თქმა უნდა, ბატონ ოფიცრებს, რომლებიც დამოუკიდებლად შეუდგნენ შემდეგ აი ამ შენობის დათვალიერებას, შესწავლას და აღრიცხვას მათ არ გაუჭირდებოდათ, რომ ეს გასაღები მოეტანათ და გაეღოთ, ვინაიდან, რამდენიმე კვირაში უკვე სხვა თვითმხილველების გადმოცემით, აი ამ შენობას მოადგა სატვირთო მანქანა, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები და ეზიდებოდნენ შენობიდან გარკვეულ მასალაა, მათ შორის, კარტოგრაფიულ მასალაც შეიმჩნეოდა და ეს მასალები იტვირთებოდა აი ამ სატვირთოზე და გადიოდა შენობიდან. სად წავიდა ეს მასალები?! დღეის მდგომარეობით ეს რუკები არის განადგურებული იმიტომ, რომ არსად არ არის დაცული, არც საჯარო რეესტრში არ არის დაცული არც სადმე. ჩანს, რომ გარკვეულ მიზნიდან გამომდინარე პირი ან პირთა წრე და შესაძლოა ესენი არიან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, დაინტერესებულნი იყვნენ ამაში, რომ მთელი ეს საარქივო უნიკალური მასალა გამქრალიყო, ბუნებრივია, შენობას ცეცხლს ვერ მისცემდნენ და ვერ გაანადგურებდნენ ცეცხლით, გადაწყვიტეს უფრო რაციონალური იქნებოდა, რომ ჩაეყარათ მთელი მასალები მანქანაში და გაეზიდათ იქიდან”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები