ნინო გიორგობიანი: ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში – ეს იყო ფეიკნიუსის კლასიკური მაგალითი

“ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, ეს იყო ფეიკნიუსის კლასიკური მაგალითი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიასაშუალებების მიერ დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

“ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, შემდგომ ჩვენმა დეპარტამენტმაც დამატებით აუხსნა სიუჟეტის ავტორს, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა რეპორტაჟი. ეს იყო ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, თითქოს პოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. აქაც, ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე მტკიცებით ფორმაში გავიდა ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება. აგრეთვე, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან”,- განაცხადა გიორგობიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები