გია ხუხაშვილი: არ გამიკვირდება, თუ ,,რესპუბლიკელები“ პარლამენტში შევლენ

გამოიყენებს თუ არა ქართული ოპოზიცია პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას და რა ემუქრებათ ქუჩაში დარჩენილი პატარა პარტიების რეიტინგს, რამდენად აზარალებს ოპოზიციის ბოიკოტი ქართულ სახელმწიფოებრიობას – ,,კვირა“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

-NDI-ის კვლევების მიხედვით, ქართული ოპოზიციის რეიტინგმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საგრძნობლად იკლო. ხომ არ ემუქრება სახელმწიფოს ადგილობრივ არჩევნებამდე ოპოზიციური სპექტრის გაქრობა?

-ვითარება ნამდვილად რთულია. მართალია, ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა პარლამენტში არ აქვს, მაგრამ ,,ქართული ოცნება“ მაინც დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, თუ მან ვერ შეძლო დეპუტატთა რაოდენობის 100-მდე გაზრდა. არის მთელი რიგი კანონები, რომელსაც პარლამენტი ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ქვორუმი 100 დეპუტატზე ნაკლები იქნება. ასეთ არასტაბილურ ვითარებაში დარჩება პარლამენტი, რომელსაც სერიოზული სახელმწიფო გამოწვევები აქვს. მარტო ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლით ხომ არ შემოიფარგლება ჩვენი სახელმწიფო პრობლემები? საჭიროა, ორივე მხარემ მოახერხოს კონსოლიდაცია და ქვეყნისთვის საჭირბოროტო პრობლემებს სახელმწიფოებრივად მიუდგეს, დაივიწყონ აგრესიული ფონი და იფიქრონ საკუთარ მოვალეობებზე.

-პოლიტიკურ კულუარებში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ,,რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, ძალზე გაბრაზებულია პარტიის წევრის, ირაკლი ჩავლეიშილის ცემის გამო და ფიქრობენ, რომ ჩავლეიშვილი სააკაშვილის ბრძანებით სცემეს. ამბობენ იმასაც, რომ ელისაშვილის ,,მოქალაქეების“ კვლადაკვალ სწორედ ,,რესპუბლიკელები“ შევლენ პარლამენტში.

-არ გამიკვირდება, თუ რესპუბლიკელები პარლამენტში მართლაც შევლენ. გამორიცხული არაფერია. საპარლამენტო კრიზისი საპარლამენტო სივრცეში უნდა ვითარდებოდეს და არა – ქუჩაში. თუმცა, ჩვენს ,,პერსონალურ სიმართლეზე“ მეტია სახელმწიფო ინტერესები და პატარა პარტიებს ქუჩაში კარგი არაფერი ელით. მიმაჩნია, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში რაღაც დათქმით, ფართო კონსენსუსით და იქ გაშალონ მთელ რიგ თემებზე დისკუსია.

-ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, რიგგარეშე აჩევნებს ,,ქართული ოცნება“ არც განიხილავს. კიდევ რა დათქმა შეიძლება, ჰქონდეთ პატარა პარტიებს, რომ ისინი საკანონმდებლო ცხოვრებას შეუდგნენ?

-რადიკალიზმი და სიხისტე არცერთ მხარეს არ გამოადგება. შევა თუ არ შევა ოპოზიცია პარლამენტში, ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. მოვლენები შეიძლება, რამდენიმე სცენარით განვითარდეს. მაგალითად, ქუჩის საპროტესტო აქციების ფონზე ან შესაძლოა, პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც ახლა არჩევნების გაყალბებას იძიებს, დადოს ისეთი დასკვნა, რომლის საფუძველზეც ,,ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს, რადგან საპარლამენტო კრიზისი სახეზეა, რომელიც ოპოზიციის საკანონმდებლო ორგანოში არშესვლით კიდევ უფრო გაღრმავდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მხარეები რადიკალურ დაპირისპირებას განაგრძობენ, ოპოზიცია მოიგებს ბრძოლას თუ ხელისუფლება, ეს იქნება პიროსის გამარჯვება, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას დაასუსტებს.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები