აფხაზი პოლიტოლოგი: საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია

ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბესლან ხაგბა დარწმუნებულია, რომ აფხაზურ საზოგადოებას საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის დაკანონება არ სურს.

ამის შესახებ მან ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებული შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

“საქართველო აფხაზეთს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს. ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელია. რა პირობით შეიძლება, დამყარდეს ამ სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობა? აფხაზეთსა და საქართველოს შორის ფუნდამენტური წინააღმდეგობების მოხსნა უახლოეს დროში შეუძლებელია“, – თქვა მან.

სერგეი შამბამ ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “საქართველოსთან არსებული სავაჭრო ურთიერთობის დაკანონებაა საჭირო, რათა ცალკეულმა პირებმა” ხელი არ მოითბონ და ფული “ხაზინაში შევიდეს”.

“ბევრჯერ მითქვამს, მოდით – შევთანხმდეთ, მოდით – დავაყენოთ იქ შესაბამისი სამსახურები, მოდით – დავაკანონოთ ეს პროცესი. ამ წლების განმავლობაში ყველაფერი, რაც საზღვრის გავლით გადის – ტვირთი და საქონელი, არაფერი შედის სახელმწიფო ხაზინაში, არამედ ცალკეული მეწარმეების ჯიბეებში მიდის, რომლებსაც ასეთი რეჟიმი აწყობთ და რომლებიც ამ პროცესის საქართველოს საზღვართან დაკანონებას ეწინააღმდეგებიან. ეს ახლაც კი ხდება, როდესაც კორონავირუსული ვითარებაა გვაქვს და გამკაცრებაა, ანუ საზღვარი პრაქტიკულად ჩაკეტილია, მაინც ხედავთ, რომ საქონელი საქართველოდან მაინც ხვდება ჩვენს ბაზრებზე. ეს ხომ ცხადზე ცხადია. ამიტომ, აქ ერთადერთი გზაა – ეს ვაჭრობა იყოს დაკანონებული. ვიცი, რომ ისევ არ მოეწონებათ ჩემი მოსაზრება. მაგრამ მინდა, რომ ხალხიც დაფიქრდეს, რატომ გამოდიან ზოგიერთები ამის წინააღმდეგ? რატომ? იმიტომ, რომ თვითონ არიან ამაში დაინტერესებულნი, რომ ეს ყველაფერი ხაზინის მიღმა იყოს. რა არის ხაზინა? ეს ხალხის საფულეა და ყოველთვის ვემხრობი იმას, რომ თანხები ამ საფულეში მოხვდეს და არა გვერდი აუარონ, როგორც ეს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც ხდება. ეს უნდა დასრულდეს, ცალკეულმა პირებმა არ უნდა მოითბონ ამაზე ხელი”, – განმარტა შამბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები