ირაკლი ბერაია ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, – პარლამენტის ინფორმაციით შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა და მნიშვნელობა, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. ელჩმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. ირაკლი ბერაია ლიეტუველ დიპლომატს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.