არასაკმარისი დოზების გამო ევროპის ნაწილში ვაქცინაცია შეჩერებულია – ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

გასულ კვირას, „AstraZeneca“-მ განაცხადა, რომ ვაქცინის წარმოებასთან შექმნილი სირთულეების გამო, წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირს სულ 31 მლნ. დოზას მიაწვდის, რაც შეთანხმებული მოცულობის მხოლოდ 40%-ია.

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია „Johnson & Johnson“-ის ვაქცინამ, გლობალური კლინიკური კვლევისას, ინფიცირების საშუალო სიმძიმის წინააღმდეგ – 66%-იანი, დაავადების მძიმე ფორმის წინააღმდეგ კი 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინაციის შემდეგ არცერთი ინფიცირებული არ გარდაცვლილა.

ევროპის არაერთ ქვეყანაში, ვაქცინის დოზების მიწოდების შეფერხებამ, გამოიწვია ვაქცინაციის პროგრამების შეფერხება ან სრულად შეჩერება. უფრო დეტალურად, საფრანგეთში, 2 თებერვლიდან, პარიზსა და მის შემოგარენში, დროებით შეჩერდება მოქალაქეების აცრა ვაქცინის პირველი დოზით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ეს განკარგულება გაიცა ვაქცინის მარაგის სიმცირის გამო, რადგან არსებული პრეპარატების რაოდენობა საჭიროა იმ ადამიანების ასაცრელად, ვისაც უკვე მიღებული აქვს პირველი დოზა. ასევე, მსგავსი მითითებებია გაცემული ჩრდილოეთ საფრანგეთის ვაქცინაციის ცენტრების ნაწილშიც. იგივე სიტუაციაა ესპანეთში, სადაც მადრიდისა და კანტაბრიას რეგიონებში შეჩერდა ვაქცინაციის პროგრამები და ოფიციალური განცხადების მიხედვით, იმ მცირე მარაგით, რაც ამ მომენტისთვისაა მათთვის ხელმისაწვდომი, საფრანგეთის მსგავსად, აცრიან მხოლოდ მათ, ვისაც პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. და ბოლოს, ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიას ვაქცინის საკმარისი დოზების რაოდენობა არ ექნება აპრილამდე. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ვაქცინაციის ცენტრების გახსნა გადაიდო 8 თებერვლამდე და ასევე, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში გაუქმდა იანვრის ბოლოს ჩანიშნული პირველი აცრის ვიზიტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები