შალვა პაპუაშვილი: ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლების დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკო-ს შედეგები იყო მართალი და მათი – მცდარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლების დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკო-ს შედეგები იყო მართალი და “სამართლიანი არჩევნების” – მცდარი – ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,, ISFED-ის კიდევ ერთი არითმეტიკული შეცდომა. პარალელური დათვლის შედეგებს მიათვალეს ბათილი ბიულეტენები, დისბალანსიან ოქმებს კი არ გამოაკლეს შესწორების ოქმები.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკო-ს შედეგები იყო მართალი და “სამართლიანი არჩევნების” – მცდარი.
დღევანდელ ბრიფინგზე ,,სამართლიანი არჩევნების” (ISFED) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შესწორების ოქმების გათვალისწინებით მეტობით დისბალანსი არის უბნების 0,4%-ში (და არა 8%-ში) და ამით ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს
,,სამართლიანი არჩევნები” ხსნის თავის განცხადებას, რომ დისბალანსს შეეძლო, 4,1%-იანი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ 24 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც 4 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომ ჩაასწორონ მათი 4 ნოემბერის განცხადება, ვინაიდან თითქმის ყველა ძირითადი ფაქტი და შეფასება აღმოჩნდა მცდარი”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების მაჩვენებელს გადახედა. წინა ანგარიშის თანახმად, ISFED-ი საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსზე საუბრობდა, ხელახალი დათვლით ორგანიზაციის მონაცემები ცესკო-ს ოფიციალურ რიცხვებს დაუახლოვდა.