ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარში მიღებული ყველა პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელმაც სერიოზული წინსვლა და პროგრესი განაპირობა ქართულ ჯარში, ემსახურება იმას, რომ თავდაცვის ძალები კიდევ უფრო მეტად თავსებადი გახდეს ნატოსთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ნატოში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა.

მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ინტენსიური გახდება.

„ჩვენ ველით, რომ ბაიდენის და ზოგადად, დემოკრატების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ამ წელს კიდევ უფრო გაიზრდება და მათი მმართველობის დროს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, მეტ ზრუნვას და მხარდაჭერას მივიღებთ“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და ეს პოლიტიკა არათუ შეიცვლება, პირიქით, გააქტიურდება.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და მისი თავდაცვის ძალები მზად არის გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, თუმცა, ამისთვის საჭიროა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი არსებობდეს. „ნატო მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს საერთო შეთანხმების საფუძველზე და ეს არ არის დამოკიდებული ერთი ან რამდენიმე, მათ შორის უმრავლესობის სურვილზე, მაგრამ ჩვენ გვმართებს გონივრული პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება რაც ადრეს არაერთხელ ვახსენე, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობის პოლიტიკა. ამას ემსახურება ის ტრანსფორმაცია და რეფორმირების პროცესი, რომელიც ჩვენ ჯარში დავიწყეთ. ყველა ის პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ჯარში მივიღეთ და რომელმაც სერიოზული წინსვლა და პროგრესი განაპირობა ქართულ ჯარში, ემსახურება იმას, რომ თავდაცვის ძალები კიდევ უფრო მეტად თავსებადი გახდეს ნატოსთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი მათიაშვილი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ასევე, ნატოს სხვა წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან. შესაბამისად, ჩვენი ყველა რეფორმა თუ ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად თავსებადს ხდის თავდაცვის ძალებს ნატოსთან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია და ყალბი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ მოსახლეობას. სწორედ ამას სჭირდება მართვა და გონივრული რაციონალური მიდგომები. სააკაშვილის დროს ჩვენ მაპ-ის მოლოდინთან დაკავშირებით არაერთი იმედგაცრუება ვნახეთ და ეს საბოლოო ჯამში გამოიყენა რუსეთმა. ევროპელი და დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ წინასწარ ცრუ მოლოდინების გაჩენა და წინასწარი გამარჯვებების ზეიმი არ შეიძლება“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები