„NDI-ის კვლევების თანახმად, ოპოზიციის ისედაც საკმაოდ სავალალო რეიტინგის მთლიანად ჩამოშლას ვხედავთ“ – ამირან სალუქვაძე

 

“NDI-ის კვლევების თანახმად, ოპოზიციის ისედაც საკმაოდ სავალალო რეიტინგის მთლიანად ჩამოშლას ვხედავთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალუქვაძემ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა.
მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის რესურსს ვერ ხედავს. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები ჩიხში ოპოზიციამ შეიყვანა.
„ფაქტობრივად, 4 რაუნდი შედგა და ოპოზიცურმა პარტიებმა ეს მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანეს, რადგან მოლაპარაკებები იწყება რაღაც საწყისი პოზიციებიდან და თანმხვედრი პროცესი უნდა იყოს. როცა შენ ხისტად აცხადებ, მე ჩემს საწყის პოზიციას არ გადავალო, მაშინ მოლაპარაკებები რისთვისაა საჭირო, უბრალოდ, ვერ ვხდები. 4 რაუნდის აზრიც ვერ გავიგე. ადრე მაქვს დაწერილი, მესამე რაუნდის შემდეგ, რომ დაამთავრეთ ეს რაუნდომანია-მეთქი. გინდათ, 25 რაუნდი ჩავატაროთ, თუ ოპოზიცია ისევ იმ განწყობაზე იქნება, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, მაშინ რა აზრი აქვს?
ხელისუფლება დათმობაზე რომ წასულიყო და არჩევნები დაენიშნა, მაშინ მე, როგორც მოქალაქე, ხომ ვიფიქრებდი, რომ მართლა გაყალბდა არჩევნები და ხელისუფლებამ დათმო? მაშინ იმ პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომლებიც გაყალბებაში იყვნენ ჩართულები. ამიტომ, როცა ხელისფლებას ეუბნები, აღიარე სისხლის სამართლის დანაშაული, თორემ ჩვენ სხვაგვარად ვერ შევთანხმდებითო, ეს რანაირი მოლაპარაკებებია? ამიტომ, ეს თავიდანვე ჩიხისთვის იყო განწირული. მეხუთე რაუნდი არაფერს მოიტანს. მეხუთე რაუნდის აზრს ვერ ვხედავ, თუ ოპოზიციის ის ფლანგი, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ , „ლელო“ და სხვები, რომელიც არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, ისევ იმ პოზიციაზე იქნებიან“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ანალიტიკოსი ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი რევოლუციას ახსენებდნენ.
„ჩემთვის, ბევრი ადამიანისთვის დამღლელია მუდმივად „ცხელ გაზაფხულზე“, „ცხელ შემოდგომაზე“ საუბარი. 30 წელია, ოპოზიცია ამას ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ მუდმივად აანონსებს. ზამთარში ისვენებენ, ახალი წლის დღეებია, შემდეგ იწყება „ცხელ გაზაფხულზე“ საუბარი. ვიღაცამ „კოქტეილებიც“ გააჟღერა. „კოქტეილები“ გამოიყენებინათ იქ, ომი როცა იყო 12 წლის წინ. იქ ჩაბმულიყვნენ.
რაც შეეხება მათ რესურსს რევოლუციების მოწყობასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ამის რესურისიც არ არსებობს. რესურსზე მეტად მე ხაზს გავუსვამდი ისევ იმ ფონს, რაც ამ პროცესს ახლავს. ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები. ჩვენ საბოლოო, შეჯამებულ შეფასებებთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა. ეს შეფასებებიც გაკეთდა ისეთივე, როგორიც პირველადი შეფასება იყო. ამიტომ, ფონი ესაა. ასევე, ფონია ხალხის განწყობა. იგრძნობა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობა არანაირ რევოლუციურ ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ფონია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციები, იქნება აქ ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მთლიანად, ვგულისხმობ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს. ასევე, ვიცით სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ყველა წამყვანი სახელმწიფოსგან ვნახეთ მილოცვები. ასევე 2 დღის წინ ვიხილეთ NDI-ის კვლევები, რომელიც აფასებს როგორც არჩევნების თემას, ასევე მოსახლეობის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას გვიჩვენებს. NDI -ის კვლევების თანახმად, ოპოზიციის ისედაც საკმაოდ სავალოლო რეიტინგის მთლიანად ჩამოშლას ვხედავთ. იქ ერთადერთი პარტია იყო სერიოზულად რომელმაც ხმები მიიღო – 26 % და აქედან, კვლევის თანახმად, დღეს 5 %-ია დარჩენილი. დანარჩენი, 7 საპარლამენტი პარტია, ჯამურად, 9 %-ს აგროვებს. ამ პირობებში რომელ რესურსებზე ვლაპარაკობთ? ერთადერთი სტრატეგია, რაც აქვთ ჩაფიქრებული, ესაა ამ პანდემიიდან გამომდინარე. გადახედეთ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა დაპაუზებულია. ამ ფონზე, როცა ასეთი მძიმე შედეგები მოჰყვა ამ პანდემიას, იყო ჩასაფრებული, მოსახლეობას გაზაფხულზე მოშივდება და ჩვენ რევოლუციას მოვაწყობთო . . . უბრალოდ, ამორალურია, როცა ხელისუფლებაში მოსვლას იმის მოლოდინში ცდილობ, რომ ხალხს ეკონომიკურად გაუჭირდება. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაში მოსვლას უკეთესი დღის წესრიგით უნდა ცდილობდნენ. მაშინ წავალთ ჩვენ წინ“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება”. 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება სხვა პარტიებს (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არცერთი პარტია არ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები