სალომე ზურაბიშვილმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რომელსაც ტოივო კლაარმა მაღალი შეფასება მისცა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

,,შეხვედრაზე ხაზი გაესვა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გამოხმაურების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა ტოივო კლაართან შეხვედრისას განიხილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი მძიმე ვითარება და, ასევე, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტოივო კლაართან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივება დადებითად შეაფასა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა ევროკავშირის მხრიდან კოვიდსოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინის დროულად მოწოდების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარეებმა ისაუბრეს კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რეგიონულ საკითხებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე”, –  ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები