თენგიზ ცერცვაძე: 1% მაინც რომ იყოს გარანტია, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამას დაუფიქრებლად გააკეთებდა

“1% მაინც რომ იყოს გარანტია, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამას დაუფიქრებლად გააკეთებდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გამართლებულია.

,,ერთი თვის წინ ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვიყავით მსოფლიოში და ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა პრობლემებს მაინც წარმატებით გაუმკლავდა, რადგან კლინიკურ სექტორში არ ყოფილა ისეთი კრიტიკული ვითარება, როგორიც იყო ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში. შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ სტაბილიზაციას – ახალი შემთხვევების რაოდენობა 4-5 ათასიდან 1 000-2 000-მდე შემცირდა. ამ რაოდენობას კლინიკური სექტორიც და ქვეყანაც გაცილებით იოლად უმკლავდება. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, მე არ ვარ საკოორდინაციო საბჭოს წევრი და არ ვმონაწილეობ გადაწყვეტილებების მიღებაში. ქუთაისში კლინიცისტებთან შეხვედრისას ვთქვი და იმავე აზრის ვარ ახლაც, რომ დადგა დრო, შეზღუდვები შემსუბუქდეს და ეტაპობრივად მოიხსნას, ოღონდ ერთი პირობით – მოსახლეობამ უნდა გაითავისოს პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვის, ხალხმრავლობისთვის თავის არიდების მნიშვნელობა და არ უნდა გვჭირდებოდეს ძალდატანება, რომ დადგენილი წესები ზედმიწევნით შევასრულოთ.

შეზღუდვების მოხსნით ხელისუფლება ხალხის გულს მოიგებს, მაგრამ ეს იქნება პოპულისტური ნაბიჯი და ვინ აგებს პასუხს შესაძლო უარყოფით შედეგებზე? ამიტომ მიმაჩნია, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გამართლებულია.

როგორც ახალი წლის წინა პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებისას რეგულაციების დაცვა შევძელით და ვითარება არ გაუარესებულა, ახლაც ვნახავთ – თუ 1-2 კვირაში შემსუბუქების პირველ ეტაპს ქვეყანა კარგად გადაიტანს, ამას მოჰყვება მეორე ეტაპი, შემდეგ – მესამე და ა.შ. გაითვალისწინეთ, დასავლეთის ქვეყნებში ყოველდღიურად მკაცრდება შეზღუდვები. ინგლისში, მაგალითად, საბუთის გარეშე სახლიდან გასვლა იკრძალება. ჩვენთან ხომ მსგავსი არაფერი ყოფილა?

წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთივე გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში! ეს ხომ ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ?! ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ხელისუფლებას ან ექიმებს მოსწონთ?!

1% მაინც რომ იყოს გარანტია, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამას დაუფიქრებლად გააკეთებდა,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ვაქცინაციის პროცესის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინური ვაქცინის არშემოტანაში გარკვეული წვლილი ოპოზიციის კრიტიკამ შეიტანა.

“კოვიდი” უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. მან შექმნა სიძნელეები და ამ მდგომარეობიდან მარტივი და სწრაფი გამოსავალი არ არსებობს. თუ ვაქცინაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება და ეკონომიკის სრულ გათვისუფლებასაც მხოლოდ წლის ბოლოს შევძლებთ, ხალხს, რომელსაც უკვე ძალიან უჭირს, კიდევ უფრო გაგვიჭირდება და ეს ცუდია, მაგრამ ვინმემ უკეთესი რამე იცის? შემოგვთავაზოს ვინმემ რეალურად უკეთესი ვარიანტი და კი ბატონო…

რაც შეხება ვაქცინაციას სხვა ქვეყნებში, სამწუხაროდ, ის დაწყებულია მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრეს სახელმწიფოებში. აზერბაიჯანი არ დაელოდა “ფაიზერის”, “მოდერნასა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ითხოვს და დაიწყო ჩინური ვაქცინით, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები და უპირველესად – ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, არ გაბედოთ მისი შემოტანაო.

ოპონენტები აზერბაიჯანის მაგალითით თითქოს იმის თქმას ცდილობენ, რომ აზერბაიჯანის მთავრობა უკეთესია, ჩვენი – უარესი. და ჩვენ რომ დაგვეწყო ჩინური ვაქცინით აცრა, როგორ მოიქცეოდნენ? ალბათ, იტყოდნენ, მთავრობას ხალხის ბედი არ ანაღვლებს და ჩინური, შეუმოწმებელი, არასანდო და, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინით დაიწყესო”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები