რატი ბრეგაძე: ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით თავდაცვის ძალების გაძლიერების მართლაც უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯარია.

„საქართველოს არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯარია.

მარტივი ლოგიკაა, თუკი იმუნიტეტი დასუსტდება, ვირუსისათვის წინაღობები შემცირდება და მავნებლური გეგმის შესრულებაც გაიოლდება.

სიტყვის თავისუფლება მათ შორის საზოგადოების მიერ სწორი ინფორმაციის მიღების უფლების პატივისცემას და არა გადაუმოწმებელი „ფაქტების“ გავრცელებას გულისხმობს, რაც შემთხვევით ან შეგნებულად ვიღაცეებს „ავიწყდება“.

სწორედ მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით თავდაცვის ძალების გაძლიერების მართლაც უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს და ჯარისკაცზე ზრუნვა უმაღლესი პრიორიტეტია, რატომღაც გარკვეული ძალები  ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე უარყოფითი გავლენის მოხდენას ცდილობენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას თითქოს ჯარზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ კვებაზე არ ზრუნავენ.

მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე ფიქრობს როგორ გააუმჯობესოს სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა და პირადად აკონტროლებს თითოეული დანაპირების შესრულებას. მინისტრის ეფექტურობაზე მის მიერ გაკეთებული საქმეები მეტყველებს, რაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს თუნდაც 2020 წლის ანგარიშში და ყველაზე მარტივად გაიგოს ჯარისკაცებისაგან.

არსებობს ღირებულებები, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარმა ერთად უნდა დაიცვას, რათა ნებსით ან უნებლიედ მტრის წისქვილზე წყალი არ დაისხას…

P.S. მანამ, სანამ ირაკლის წინააღმდეგ კამპანიების აგორებას განიზრახავდეთ, ცოტა მის მიერ გაკეთებული საქმეების შესახებაც მოიკითხეთ და, დიდი ალბათობით, ტყუილის გავრცელების სურვილი დაგეკარგებათ“, – წერს რატი ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები