„როგორც ჩანს, რუსეთი ჰააგის ტრიბუნალში სამოქმედოდ ემზადება“ – ვახტანგ მაისაია

“რუსეთმა სტრასბურგის სასამართლოს იგნორირება მოახდინა, როგორც ჩანს, ის ჰააგის ტრიბუნალში სამოქმედოდ ემზადება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს.

მაისაიამ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შეაფასა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული და მნიშვნელოვანია. ჩვენ დაახლოებით 13 წელს მოგვიწია ლოდინი, მაგრამ, როგორც იტყვიან, “სამართალმა პური ჭამა”.

მე, როგორც სამხედრო ანალიტიკოსი, სამხედრო მეცნიერების დოქტორი, სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების შესახებ ვისაუბრებ. ასევე, შევეხები იმას, თუ რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ამას ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე, იგივე თუნდაც იმ პროცესებზე, რომელიც შეიძლება, მოგვიწიოს ამ მიმართულებით – რომ გვქონდეს ურთიერთობები ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის პოზიცია ასეთი იყო: ისინი არ თანამშრომლობდნენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან, მათ არ გადასცეს ინფორმაციები და მასალები, თქვეს, რომ ესეაა გრიფით „საიდუმლო“. მათ სტრასბურგის სასამართლოს იგნორირება მოახდინეს. როგორც ჩანს, ისინი ჰააგის ტრიბუნალში სამოქმედოდ ემზადებიან“, – განაცხადა მაისაიამ.

მისი თქმით, რუსები შეეცდებიან, ჰააგაში მათი პოზიცია იყოს ის, რომ, თითქოს, 2008 წლის ომი ეთნიკური კონფლიქტი იყო და რუსული მხარე ჰუმანიტარული კუთხით ჩაერია.

„რუსები შეეცდებიან, ორი მიმართულებით გაამახვილონ ყურადღება: პირველი – რომ 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესია არ იყო სახელმწიფოთაშორისო სამხედრო -შეიარაღებული კონფლიქტი, როგორც ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული. სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ ეს არის შეიარაღებული კონფლიქტი. იქ ასევე დაფიქსირებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების არაკანონიერი ფორმირებები, რომ მათ დააკავეს 600 ქართველი მოქალაქე და აწამეს. რუსები შეეცდებიან, ჰააგაში მათი პოზიცია იყოს ის, რომ, თითქოს, ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი და რუსული მხარე ვითომ ჩაერია ჰუმანიტარული, სამხედრო კუთხით. მეორეც, ისინი აპირებენ, ყურადღება გაამახვილონ ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტზე თავდასხმის ფაქტებზე: რომ, ვითომ, ცხინვალი დაიბომბა. ეს რუსების არახალი სტრატეგიაა. ბუნებრივია, სტრასბურგის სასამრთლომ ამ ყველაფერს თავის გადაყვეტილებაში საკადრისი პასუხი გასცა და ეს განცხადებები უარყო.

რაც შეეხება ჩვენი პოზიციების გამყარებას ჰააგის ტრიბუნალთან: ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღიარა, რომ სამხედრო ტყვეებისადმი არაჰუმანური მოპყრობა, წამება ხდებოდა. ესაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი – ესაა 1907 წლის ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე სამხედრო ტყვეების მოპყრობასთან დაკავშირებით მიღებული კონვენციის უხეში დარღვევა. მისი მოდიფიკაცია მოხდა 1925 წელს. პირველი და მეორე მსოფლიო ომები, სხვა სამხედრო კონფლიქტები სწორედ ამ კონვენციის საფუძველზე ვითარდებოდა. ამ კონვენციის დარღვევა, ფაქტობრვად, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ეს სერიოზული დებატების საგანი იქნება უკვე ჰააგის ტრიბუნალის ფორმატში“,- განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

„სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისა და სხვა არაერთი დარღვევისათვის“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები