შავი იანვარი ბაქოში – როგორ შეიწირეს კრემლის ტანკებმა 147 უდანაშაულო ადამიანი

1990 წლის 20 იანვრის ღამეს საბჭოთა არმიის რამდენიმე ჯავშანსატანკო ნაწილი ბაქოში კონტროლის აღსადგენად  შევიდა. საბჭოთა ჯარმა ბაქო შტურმით აიღო და უამრავი უიარაღო მოქალაქის სისხლი დაღვარა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ღამეს 147 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა, ხოლო 5 უგზო -უკვლოდ დაიკარგა. 20 იანვარი  თანამედროვე აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ ითვლება, იანვრის თვეს დღემდე „შავ იანვარს“ უწოდებენ.

1989 წლის ბოლოს ბაქოში დაძაბული ვითარება სუფევდა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე ყოველდღიურად მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა, იგებოდა ბარიკადები, ხალხი ხელისუფლების გადადგომასა და საბჭოთა კავშირიდან გასვლას ითხოვდა, დაძაბულობა იყო მთიან ყარაბაღში – საბჭოთა ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მიერ ჩადებული „ნაღმები“ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის უკვე ამოქმედებული იყო, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება და დევნა იყო  ბაქოშიც.

1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობამ ეს მხოლოდ დილით გაიგო, რადგან ქალაქში ტელეეთერი წინასწარ ჩაახშეს. ტანკები თბილისის მოედნისკენ დაიძრნენ და მიზანმიმართულად ესროდნენ ყველაფერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისა და სამგზავრო ავტობუსების ჩათვლით. იხოცებოდნენ, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც უბრალოდ აივანზე იდგნენ ან სახლში ისხდნენ. სამხედრო მოსამსახურეები უსწორდებოდნენ ქუჩაში მდგარ მომიტინგეებს, ბტრ-ებითა და ტანკებით მიზანმიმართულად უვლიდნენ ადამიანებსა და მსუბუქ ავტომანქანებს.

Current Time TV-სთან შაჰბაზ ხუდუოღლი იხსენებს: „თითქმის შუა ღამე იყო, როცა დავინახე, რომ პროსპექტზე ჩვენი მიმართულებით ტანკები წამოვიდნენ. სროლები ისმოდა, მაგრამ ადამიანები ამბობდნენ, რომ ეს არ იყო საბრძოლო ვაზნები, რომ უბრალოდ ჩვენი შეშინება უნდათ. და ჩვენ გვჯეროდა, რომ ასეც იყო, რომ ეს არ იყო ნამდვილი ტყვიები. ამიტომ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ, ვიდექით კოცონის ირგვლივ, უიარაღოდ და დაშლას არ ვაპირებდით.“ მაგრამ ვაზნები საბრძოლო იყო. „ტანკები ჯერ მაღლა ისვროდნენ, ჩვენ თავს ზემოთ, შემდეგ კი უფრო დაბლა და დაბლა გააგრძელეს. რაც უფრო ახლოს იყო ტანკი, უფრო დაბლა ჰქონდა ჩამოწეული ლულა და უკვე ტყვიები ჩვენს სიმაღლეზე დაფრინავდნენ. ვიღაც მიწაზე დაეცა. ამის დანახვისას სხვები ზემოთ ქუჩაზე გაიქცნენ,  ვერც კი გაიაზრეს, რომ უფრო კარგი სამიზნეები გახდნენ. ჩემ გვერდით ადამიანი დაეცა. დაჭრილი იყო, ვიღაცასთან ერთად გამოვახოხე და იქვე გვერდით, საავადმყოფოს ეზოს ღობეზე გადავისროლე. როცა უკან გამოვიხედეთ, დავინახეთ, რომ ტანკები ცენტრალურ პროსპექტებზე გადანაწილდნენ.“ იმ ღამეს დაღუპულთა დიდ ნაწილს საპროტესტო მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ისინი ან დაჭრილებს ეხმარებოდნენ, იყვნენ ბავშვებიც, მოხუცებიც და ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლებიც.

ბაქოს თბილისის პროსპექტზე ღამის 3 საათისთვის საპროტესტო მუხტი უკვე აღარ იგრძნობდა, სამარისებური სიჩუმე იდგა, უიარაღო ადამიანების პროტესტი საბჭოთა ჯარისკაცებმა ტანკებით, ავტომატებითა და სამხედრო ნიჩბებით ჩაახშეს.

თუმცა, დილით გამოფხიზლებული ქალაქი ისევ ქუჩებში დაბრუნდა-მილიონზე მეტი მოქალაქე საბჭოთა სისასტიკის მსხვერპლებთან გამოსამშვიდობებლად გამოვიდა. ქალაქში გლოვა იყო, ბოძებზე, აივნებზე, მანქანებზე სამგლოვიარო დროშები გამოფინეს. დაღუპულები ბაქოში, პარკში დაკრძალეს, რომელსაც მას მერე “შაჰიდების ხეივანი” შეარქვეს.

20 იანვარს აზერბაიჯანელებმა უამრავი უდანაშაულო თანამოქალაქე დაასაფლავეს, თუმცა, მოსკოვმა ბაქო საბოლოოდ დაკარგა.

ბაქოში ჩატარებული, 20 იანვრის ეს ძალადობრივი  სპეცოპერაცია არ იყო  ერთადერთი იმ წლებში – საბჭოთა ხელისუფლებამ 1989 წლის 9 აპრილს უიარაღო ქართველების ჟლეტა მოაწყო, ხოლო 1991 წლის იანვარში ვილნიუსის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას შეეცადა, რამაც ასევე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილი ბელადი კრემლიდან დღეს დამოუკიდებელი რესპუბლიკების ანექსიასა და ოკუპაციას აგრძელებს – ამის ნათელი მაგალითებია ვლადიმერ პუტინის მოქმედებები საქართველოში, აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმის შემთხვევები.

ნინო ბაკურაძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები