„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქმეზე „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც სასამართლო 12 წლის განმავლობაში იხილავდა, გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ომითა და ოკუპაციით დაზარალებულ თითოეულ ადამიანს. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით სცდება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ქვეყნის მასშტაბს და მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპულ სივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რასაც გავლენა ექნება მსგავსი ტიპის სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვისას.
აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა; საქმის განხილვის პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის აპრილში გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის ივნისში; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის მაისში შედგა. სახელმწიფოთაშორის დავაში საქართველო რუსეთის ფედერაციას კონვენციის 8 მუხლის დარღცვევაში სდებდა ბრალს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:
სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი);
განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2008 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული და წარმოადგენს ომის შედეგად დაზარალებულთაინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლში. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები, აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, 2008 წლის აგვისტოდან ახორციელებდნენ ომის სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირებას ცხინვალის რეგიონის იმ სოფლებში, რომლებზე წვდომაც მალევე დაკარგა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ამჟამად ოკუპაციის ხაზის მიღმაა დარჩენილი. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მომზადებული ინდივიდუალური სარჩელები, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ომით დაზარალებულების სახელით 2009 წელს გაგზავნა ევროპულ სასამართლოში. სახელმწიფოთაშორისი დავის განხილვის მომდევნო ეტაპი, სწორედ ამავე საკითხთან დაკავშირებით შესული ინდივიდუალური დავების განხილვა იქნება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის თითოეული იმ ბენეფიციარის უფლებების დასაცავად, რომელთა ინტერესებსაც ამ ეტაპზე ორგანიზაცია საერთაშორისო სასამართლოებში იცავს. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგენლობით, გადაწყვეტილება დღეს, თბილისის დროით 14.00 სააათზე გამოაცხადა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას. სასამართლომ ქართული მხარის პოზიცია თითქმის სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის შემდეგი მუხლები:
სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი);
გადაადგილების თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც სასამართლომ ცალსახად დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ეფექტური კონტროლის განხორციელება. ამით, ერთის მხრივ, სასამართლომ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო, მეორეს მხრივ, აღიარა რუსეთის მიერ აღნიშნულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განხორციელება, რაც აგვისტოს ომისას ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტზე რუსეთის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობაა. ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს არგუმენტი რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისთვის. ამგვარი ეთნიკური წმენდისა და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი იძულებით გამოძევებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან და მათ დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებები”, – ნათქვამია განცხადებაში.