შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის” სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი – გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის” საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს” 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია იტყობინება. მათივე ცნობით, სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები განსაკურებით ხშირად ბოლო პერიოდში ვრცელდება. კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. „დღეს საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის” წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა, დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით კომისია გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს. უხამსობის შემცველი გადაცემების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 7 დეკემბერს განცხადება გაავრცელა და მაუწყებლებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემები. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობაა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ არაეთიკური ლექსიკის შემცველ გადაცემასთან დაკავშირებით იმსჯელა. 2020 წლის 31 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ განიხილა საჩივარი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ გადაცემას ეხებოდა. კერძოდ, ტელეარხი ,,ფორმულა” ყოველდღიურად, 12:30 საათიდან 14:00 საათამდე მონაკვეთში აჩვენებდა სერიალს ,,ჩემი ცოლის დაქალები”, რომლის თითქმის ყველა სერიაში იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა და გინება. კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებული იყო სერიალის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინების კონტექსტით გამართლების საფუძველია. თუმცა, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ სერიალში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლექსიკა, მათ შორის კონტექსტით გამართლებული, არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნია, რადგან მაუწყებელი ვალდებული იყო შესაბამისი გადაცემა ეთერში კანონით დადგენილ დროს, სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებით განეთავსებინა. მედიის მიერ უხამსობის შემცველი, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ფართოა საერთაშორისო მაგალითები და პრაქტიკა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ რადიოსა და ტელევიზიას, როგორც ინტიმურ, ოჯახურ გარემოში ინფორმაციის მიღებისა და გართობის საშუალებებს, აქვთ მყისიერი, ინვაზიური და ძლიერი საზოგადოებრივი ეფექტი (Jersild v. Denmark, no. 15890/89, § 31, Murphy v. Ireland, no. 44179/98, §§ 69, 74; Animal Defenders International v. UK, [GC], no. 48876/08, § 119, Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy, [GC], no. 38433/09, § 132). შესაბამისად, აუდიო-ვიზუალური მედიის ბუნებიდან გამომდინარე, მაუწყებლობით გადაცემული შინაარსის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნას მიღებული აუდიტორიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხი. სწორედ აუდიტორიაზე გამოწვეული მყისიერი, ინვაზიური და ძლიერი ეფექტი და აუდიტორიის უფლებების დაცვის ინტერესი განაპირობებს მაუწყებლობის სფეროს რეგულირების საჭიროებას. საერთაშორისო პრაქტიკაში აუდიო-ვიზუალური მედიის მიერ უხამსობის გავრცელების რეგულირების მიმართულებით ბევრი მაგალითი არსებობს. ამ მიმართულებით საინტერესოა გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს – კომუნიკაციების ოფისის (Ofcom) პრაქტიკაც. მაგალითად ბრიტანეთის მარეგულირებელმა ერთ-ერთი რადიოს სამაუწყებლო სტანდარტების დარღვევა დაუდგინა იმის გამო, რომ ეთერში მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფის “Radiohead”-ის ნაწარმოები “Creep” განთავსდა. Ofcom-მა მიიჩნია, რომ უცენზურო სიტყვის რამდენჯერმე ეთერში განთავსება არ იყო კონტექსტით გამართლებული. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარეგულირებელს არ შეუფასებია უშუალოდ ნაწარმოებს ჰქონდა თუ არა კულტურული ღირებულება. კომისიის მიერ შეფასდა რამდენად იყო სახეზე უცენზურო სიტყვების გამოყენების აუცილებლობა და რამდენად იყო ეს კონტექსტით გამართლებული ( Ofcom Broadcast and On Demand Bulletin Issue Number 393, 9-10 https://www.ofcom.org.uk/__data/assets/pdf_file/0025/185551/Issue-393-broadcast-and-on-demand-bulletin.pdf ) არანაკლებ საინტერესოა Ofcom-ის გადაწყვეტილება საქმეზე, სადაც ერთ-ერთ მაუწყებელს დარღვევა დაუდგინდა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში არაეთიკური გამონათქვამებით შეურაცხყო რესპოდენტი პოლიტიკოსი. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს ეროვნულმა სასამართლოებმა, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის შესაბამისად მიიჩნია და ჟურნალისტის საჩივარი დასაშვებად არ ცნო (Gaunt v UK, no. 26448/12) სამაუწყებლო ბადეში უხამსობის განთავსება მკაცრად რეგულირდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, კერძოდ, აშშ-ს ფედერალურ კომუნიკაციების კომისიას (FCC) ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მაგალითად, აშშ-ს ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ ერთ-ერთი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცა მსოფლიოში ცნობილი კომიკოსის, ჯორჯ კარლინის იუმორისტული მონოლოგი „შვიდი ბინძური სიტყვა”. იმის მიუხედავად, რომ, კომიკოსის მონოლოგს ერთიანობაში ჰქონდა კულტურული და იუმორისტული ღირებულება, მარეგულირებელმა უცენზურო ტერმინების გამოყენება კონტექსტით გამართლებულად არ მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ და უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღესაც მოქმედ პრეცედენტად მიიჩნევა (FCC v. Pacifica Foundation, 438 U.S. 726 (1978) კომისიის გადაწყვეტილება ერთ კვირაში იქნება მიღებული. თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დისკუსიის შემდეგ, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით უნდა იქნას მიღებული,“-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები