ბექა ძამაშვილი: დღეს უკვე სასამართლოს იურიდიულ დოკუმენტში წერია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

“სტრასბურგის სასამართლომ მიიღო სამი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ვერცერთი მხრიდან რუსეთი გვერდს ვერ აუვლის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკვე სასამართლოს იურიდიულ დოკუმენტში წერია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

„ამ გადაწყვეტილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტი. პირველი ის, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში რასაც საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე ამტკიცებდა, დღეს უკვე სასამართლოს იურიდიულ დოკუმენტში, სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მეორე ის, რომ რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს ამ ტერიტორიებს ოკუპაციას და მესამე, რუსეთმა განახორციელა და არის განგრძობადი ეთნიკური წმენდა საქართველოს მოსახლეობის, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ეს არის სამი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ვერცერთი მხრიდან რუსეთი გვერდს ვერ აუვლის. უკვე სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია და არის საბოლოო. რაც შეეხება პერიოდებს. 8-12 აგვისტოს პერიოდი, ეს არის პერიოდი, რომელიც ითვლება აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდად, როდესაც მხარეები იბრძოდნენ ერთმანეთში და სტრასბურგის სასამართლოს პირველად მოუწია მსგავსი ხასიათის საქმის განხილვა.

როგორც იცით, ევროპული სასამართლო ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და ის მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტების შეფასებაში არ ერევა ხოლმე. შესაბამისად, 8-12 აგვისტოს პერიოდის შეფასება აქედან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფაზა არის მისი განსახილველი, რადგან ამ პერიოდში მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალი და არა – ევროპული კონვენცია, რომელიც აქტიურად არ ერთვება ამ ყველაფერში. შესაბამისად, ეს რაღაც საქართველოსთან მიმართებით კი არ არის გამოსაყენებელი, ზოგადი სტანდარტი დაადგინა, რითაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ჰუმანიტარული სამართალი უნდა იყოს გამოყენებული, რომელსაც სხვა სასამართლოები მიხედავენ. ამ შემთხვევაში, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს თქვენთვის ცნობილია, რომ იძიებს ჰააგის სასამართლო და მინიშნება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ, რომ ეს პერიოდი ამ მიმართულებით უნდა იქნას შესწავლილი. თუმცა, ამ პერიოდშიც, პირდაპირ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა, ჩადენილი მკვლელობების გამოუძიებლობისთვის. ანუ 8-12 აგვისტოდან რუსეთი მთლიანად მშრალად არ გამოსულა, ანუ თქვა, რომ ის მკვლელობები, რომელიც აქ ხდებოდა, მათი გამოძიება სწორედაც რომ რუსეთს უნდა განეხორციელებინა, რადგან რუსეთი ახორციელებდა ამ ოკუპაციას. და ახლა სწორედ მინისტრთა კომიტეტის წინაშე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ დანაშაულების გამოძიება მოხდეს ეფექტურად და ზედამხედველობას უკვე ევროპის საბჭო განახორციელებს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები