ზურაბ ბატიაშვილი: ბაიდენს არ ექნება ისეთი შეხმატკბილებული ურთიერთობები რუსეთთან, როგორიც ტრამპს ჰქონდა

ამერიკის 46 -ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. რა შეიძლება, შეიცვალოს მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველოსთვის – ამ საკითხზე “კვირა” რონდელის ფონდის მკვლევარსა და აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

-რა ცვლილებებს შეიძლება, ველოდოთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ახალი ადმინისტრაციის პირობებში. როგორც ცნობულია, ტრამპს საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთან, ირანსა და მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ნატო-სთან?

საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვლება. ამის მოლოდინიც არის და ეს ბაიდენის მიერ ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაშიც გამოჩნდა. ბევრი რამ იქნება აღსადგენი და, პირველ ყოვლისა, სამოკავშირეო ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებთან. როგორც ცნობილია, ტრამპის დროს ეს ურთიერთობები ნაკლებად პროგნოზირებადი იყო. ცხადად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბევრად უფრო პროგნოზირებადი იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ვუსმინეთ ენტონი ბლინკენის გამოსვლას სენატში, სადაც მან ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ჩვენს რეგიონზეც. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. ბლინკენმა ისაუბრა თურქეთზეც. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი არ იქცევა, როგორც მოკავშირე, როცა რუსეთისგან იარაღს ყიდულობს. აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა, გამკაცრდეს ის სიმბოლური სანქციები, რომლებიც 2020 წლის დეკემბერში ამერიკის ადმინისტრაციამ დააწესა. ჩემი აზრით, ალბათ, მოხდება დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაცია და ამ კონტექსტში რუსეთი ჩანს, როგორც მოწინააღმდეგე. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ერთ დღეში ჩინეთთან ურთიერთობები დალაგდება. თუმცა, დიდი ალბათობით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისათვის ეს საკითხიც პრიორიტეტული იქნება, რაც, ცალსახად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რუსეთთან ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას არ ექნება ისეთი შეხმატკბილებული ურთიერთობა, როგორიც ტრამპს ჰქონდა.

-14 იანვარს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის – უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგანგების მემორანდუმის გაფორმება რაზე მიანიშნებს – ჩინეთს ხომ არ დაასწრო ამერიკამ?

5G არის უახლესი სიტყვა ტექნოლოგიებში და აქ არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები. როგორც ცნობილია, ჩინური ტექნოლოგიები უფრო იაფი და ხელმისწვდომია, მაგრამ უსაფრთხოება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია. ჯობს, დასავლურ სისტემაში იყო ინტეგრირებული, ვინაიდან ბოლო მიზანი დასავლეთთან დაახლოებაა. ამის საპირწონედ იაფ, თუმცა საეჭვო სისტემაში ინტეგრაცია ვერ იქნებოდა გამართლებული. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ამით გარანტირებულად მომავლისთვის უზრუნველვყავით ის, რომ კითხვის ნიშნები აღარ დაისვას მომავალში საქართველოს დასავლეთთან ამ კუთხით ინტეგრაციის თვალსაზრისით.

-ცნობილი გახდა, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის (განვითარების დაფინანსების კორპორაციის), ყოფილი OPIC-ის (კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია) ოფისის გახსნა განიხილება. ეს ის კომპანიაა, რომელიც ფოთში პეის” ტერმინალის მშენებლობას აფინანსებს. ამ შემთხვევაში რა შესაძლებლობებზე შეიძლება, ვისაუბროთ?

როგორც ცნობილია, საქართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ფუნქცია აქვს. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ რუსეთსა და ირანს შორის, ან ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია შევასრულოთ, ეს არ არის რეალისტური. რეალურად, ჩინეთი და ევროპა ვითარდება და ნაკლებად რუსეთი და ირანი. ის, რომ შავ ზღვაზე აშშ-ის ინტერესი არის და ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაიზრდება, ცალსახაა. შექმნილ ვითარებაში იმედია, დავუბრუნდებით ახალი დიდი პორტის მშენებლობის საკითხს, ვინაიდან გემების 70%, რომელიც შავ ზღვაში შემოდის, ვერ ახერხებს ფოთსა და ბათუმი შემოსვლას. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი პორტი, რა ერქმევა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ზღვა და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იქნება ეს სატრანზიტო თუ მომავალში სამხედრო ფუნქციებისათვის. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ნატო-ს წევრობას ვაპირებთ.

-სულ ახლახან ჩვენს რეგიონში, კერძოდ, ყარაბაღში საკმაოდ ფართომასშტაბიანი ომი დასრულდა. ამ მოვლენების დროს დასავლეთი, ფაქტობრივად, არ იყო წარმოდგენილი, როგორ ფიქრობთ, შეიცვლება ეს რეალობა?

ვფიქრობ, რომ დასავლეთი ნამდვილად გააქტიურდება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მზად იქნებიან რეგიონის ქვეყნები დემოკრატიული ცვლილებებისთვის. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა აშშ-ის მხრიდან იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიის ხარისხი არის მაღალი ან სვლა იდის დემოკრატიისკენ.

-ამ ტიპის ქვეყნებად საქართველო და სომხეთი შეიძლება, ვიგულისხმოთ?

დრო გვაჩვენებს. მოგეხსენებათ, კლასიკური გაგებით დემოკრატია არ ვართ. მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, ჩვენ ჰიბრიდული ტიპის ქვეყნებს განვეკუთნებით, სადაც არც ბოლომდე დემოკრატიაა და არც ბოლომდე დიქტატურა. მოკლედ, ჩვენც ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუნდაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და ასევე სხვა ინსტიტუციების გაძლიერება.

-საქართველო-ნატო-ს თემას რომ დავუბრუნდეთ. როგორც ვიცით, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ეჭვის თვალით უყურებს, გერმანია და მისი კანცლერია. წელს ანგელა მერკელი პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლასაც გეგმავს. ეს ჩვენს გზას ნატო-სკენ უფრო ხომ არ გააფართოებს?

სავარაუდოდ, მერკელი შემოდგომაზე წავა, მაგრამ, ჯერჯერობით, პარტიაში ვინც მის ადგილზე აირჩიეს, არმინ ლაშეტი არის ძალიან ფრთხილი, მოზომილი და ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, ზედმეტ თავის ტკივილებს პოლიტიკაში მოერიდოს. აქედან გამომდინარე, მასთან დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი და არამარტო მასთან. სამუშაო გვექნება არა მხოლოდ კონკრეტულ ლიდერებთან, არამედ – იმ პარიებთან, რომლებიც გერმანიასა და საფრანგეთში ანგარიშგასაწევ ძალებად არის მიჩნეული.

-ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი ვადა 4 წელიწადში დასრულდება. სად იქნება ამ დროს საქართველო ნატო-სთან მიმართებით?

ძალიან ძნელია რამე პროგნოზის გაკეთება. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება ამ პერიოდში. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თუ როგორი იქნება დასავლეთის ურთიერთობა რუსეთთან. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ უფრო წინ ვიქნებით წასული, ვიდრე –
ტრამპის მმართველობისას, ვინაიდან მას, ფაქტობრივად, დავიწყებული ჰქონდა მთელი რიგი ქვეყნები. 

რას ფიქრობთ, მაპით თუ უმაპოდ, მივაღწევთ ჩვენს მიზანს?

ჯერჯერობით, სტანდარტია ის, რომ გაწევრიანებისათვის აუცილებელია მაპი. რეალურად რომ ვთქვათ, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. საქართველო თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით დღესაც მზად არის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს. მაგრამ, როგორც ვთქვი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები