პრემიერმინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერმინისტრმა – გიორგი გახარიამ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
შეხვედრისას განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით პირველ ეტაპზე უნდა გადაიდგას.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომა და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა, არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.
პრემიერმინისტრის დავალებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. გეგმაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც იმსჯელებენ.
ამასთან, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რათა ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.