ანრი ოხანაშვილი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო – ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს
“დაახლოებით, 700-მდე მტკიცებულებაა წარდგენილი სტრასბურგში და ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისტორიული გამარჯვების მოლოდინი არსებობს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ევროპულ სასამართლოში ისტორიული გამარჯვების მოლოდინი. ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით, 700-მდე მტკიცებულება წარადგინა სტრასბურგში. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი უმძიმესი მუხლი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამება, საკუთრების უფლება და სხვა უფლებები. აქედან გამომდინარე, გაწეული შრომის შედეგად წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება და მხოლოდ ის დაგვრჩენია, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
2008 წლის ომთან დაკავშირებით საქმეზე „საქართველო რუსთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.