21 იანვარი მოსე თოიძის დაბადების დღეა

21 იანვარი მხატვარ მოსე თოიძის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მხატვარს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი  იხსენებს.
1871 წლის 21 იანვარს ხელოსნის ოჯახში დაიბადა მოსე თოიძე. მამით ადრე დაობლებული დედამ შვილი გაჭირვებაში გაზარდა. ხატვისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან ჰქონდა და 13 წლის ასაკში ის სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს. 1887 წელს მოსე თოიძემ დაამთავრა სასწავლებელი და იქვე დატოვეს ზეინკალ მასწავლებლად. ამ პერიოდში მ. თოიძე დაუახლოვდა ცნობილ რევოლუციონერებს, გოლა და შიო ჩიტაძეებს და მათ წრეს, სადაც თავს იყრიდნენ რადიკალურად განწყობილი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები. აქვე შეხვდა მაქსიმ გორკის, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა შემოქმედის მომავალ ბედზე.
25 წლის მოსე თოიძე გაემგზავრა პეტერბურგში სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად. დიდი სიძნელეების მიუხედავად, 1896 წელს იგი ჩაირიცხა. 1901 წელს მოსე თოიძემ დაამთვარა აკადემია, მან შეასრულა დიდფორმატიანი სადიპლომო ფერწერული ტილო „მცხეთობა“, მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო იგი დააპატიმრეს და ეტაპით გამოგზავნეს თბილისში.
უკვე 1915 წელს თბილისში გაიხსნა მოსე თოიძის ნამუშევრების გამოფენა. 1919-ში მან შვილთან, ირაკლი თოიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში.
1922 წელს თბილისში დააარსა სახალხო სამხატვრო სტუდია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მოსე თოიძე ერთ-ერთი იყო, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პროფესიულ სამხატვრო განათლებას. მხატვარი ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში.
თოიძის შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები, ასევე ცნობილი ადამიანების პორტრეტები, მათ შორისაა შოთა რუსთაველის პორტრეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები