გია ვოლსკი: ოპოზიციური სპექტრიდან პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველესად ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრიდან პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა გამოჩნდნენ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი.
ვოლსკი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლად არ დარჩება.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი გადადგამს ნაბიჯს, მაგრამ ამ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ჩემი პიროვნული ანტიპათიის მიუხედავად, რასაკვირველია, ეს ნაბიჯი დასაფასებელია. ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც მიხვდება, რომ პარლამენტში შემოსვლა ეს არის თემა, რომელიც განაპირობებს უამრავ სხვა ფაქტორს კიდევ, საზოგადოების ინტერესის გარდა, რასაკვირველია, საერთაშორისო ინტერესებიც, რომ რეგიონში სტაბილურობა, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, არის ნომერი ერთი ამოცანა. აქ ვიკამათოთ და თუ საჭიროა, შევთანხმდეთ, თუ საჭიროა, კიდევ გავაგრძელოთ კამათი იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია არჩევნების შედეგების გადამოწმება და რეალისტური, ობიექტური სურათის დადება. ჩვენ ამისთვის მზადა ვართ, ვინც ამაზე უარს ამბობს, ფაქტობრივად ხაზს უსვამს, ახდენს ლუსტრაციას საკუთარი პოლიტიკური მისწრაფებისა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მათთვის ნომერ პირველი ამოცანაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.