ჯანმო-ში აცხადებენ, რომ პანდემიის მეორე წელი შეიძლება, გაცილებით მძიმე იყოს

“პანდემიის მეორე წელი შეიძლება, გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე – პირველი”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.

“შევდივართ მეორე წელიწადში და ის შეიძლება, გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს, დინამიკის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების ტემპისა და ზოგიერთი პრობლემის გამო, რომელსაც ვხედავთ”, – თქვა მან.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანმო-ში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში შესული მონაცემი მიანიშნებს იმაზე, რომ დაავადება ისევ პიკს აღწევს.

მისი თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ვირუსის გავრცელების “შტორმია”. ამის მიზეზია სიცივე, დახურულ სივრცეებში ადამიანების ყოფნა, ასევე, კორონავირუსის ახალი შტამები.

“ამიტომ, ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ პოზიტიურ მხარეზე, უნდა შევხედოთ იმ ფაქტორებს, რამაც თითოეულ ქვეყენაში იმუშავა და შედეგი გამოიღო. შემდეგ ეს ცოდნა სხვებს უნდა გადავცეთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საუკეთესო კომბინაცია. ბევრ ქვეყანაში არდადეგების პერიოდის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. ამის შესახებ თავად ამ ქვეყნებმაც იციან და ახლა ამკვიდრებენ სისტემას, რათა პაციენტების მოვლა შეძლონ, რადგან მეტი შემთხვევა ნიშნავს, რომ მეტ პაციენტს დასჭირდება ჰოსპიტალიზება“, – განაცხადა რაიანმა.

ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

დღეის მდგომარეობით, ვირუსი მსოფლიოში 92 351 683 პირს აქვს დადასტურებული, 1 978 629 გარდაიცვალა, ხოლო 51 000 486 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები