პაატა ზაქარეიშვილი: მე ვფიქრობ, რომ თუ „ქართული ოცნება“ 2-3 ძალად დაიშლება და ისინი მოხვდებიან პარლამენტში, ივანიშვილი უაღრესად ბედნიერი ადამიანი იქნება

”მე ვფიქრობ, რომ თუ „ქართული ოცნება“ 2-3 ძალად დაიშლება და ისინი მოხვდებიან პარლამენტში, ივანიშვილი უაღრესად ბედნიერი ადამიანი იქნება”, – ამის შესახებ ექსპერტმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ივანიშვილის გამოთქმულ სურვილთან დაკავშირებით „ოცნების“ ახალი ძალით ჩანაცვლებაზე, ექსპერტი პასუხობს, რომ, ალბათ, შიგნიდან, „ოცნებიდან“ აღმოცენდება სხვა ძალა.

„ახალ ძალაში იგულისხმება, რომ, ალბათ, შიგნიდან, „ოცნებიდან“ ამოიზარდოს სხვა ძალა. მან დატოვა პარტია, რომელიც მის წინააღმდეგ არ არის. მას ურჩევნია, რომ ამ გუნდიდან ამოიზარდოს ახალი ძალა, რომელიც არ ჩამოართმევს ქონებას, არ გაილაშქრებს მის წინააღმდეგ, მაგრამ მის გარეშე მიხედავს სახელმწიფოს.

მე ვფიქრობ, რომ თუ „ქართული ოცნება“ 2-3 ძალად დაიშლება და ისინი მოხვდებიან პარლამენტში, ივანიშვილი უაღრესად ბედნიერი ადამიანი იქნება.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს. ჩანს, რომ ვადამდელი არჩევნები, მინიმუმ, 2 წელი მაინც არ იქნება, თუ საბოლოოდ 2024 წლამდე არ გადაიდო, ხოლო 2024 წელს იქნება 5%-იანი ბარიერი და მერე 9-პარტიანი პარლამენტი კი აღარ გვექნება, როგორც ახლა – ოპოზიციას რომ შესულიყო, გვექნება 3-4 პარტიით წარმოდგენილი.

თუ „ქართული ოცნება ასევე გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, რაც რეალობაა, მაშინ რომელ ვადამდელ არჩევნებზე იქნება საუბარი, იგი იტყვის, რომ მე ლეგიტიმაცია დავადასტურე არჩევნებში და ხალხმა მხარი დამიჭირა, ამიტომ, ამაზე აქვს გათვლა „ოცნებას“, ხოლო ამაზე არ აქვს გათვლა ოპოზიციას, რაც არასწორია.

ხალხს ოპოზიციის არ სჯერა, ისინი მათ ვერ არწმუნებენ, ხოლო „ოცნების“ სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეშია”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები