დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით უცხოელი კოლეგები მისალოც მიმართვებს უგზავნიან
გერმანიის, კორეის, ირანის, იორდანიისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.
„ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე მრავალი წელია დაფუძნდა მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გზაზე”-ნათქვამია ჰეიკო მაასის წერილში, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს გამოწვევების დასაძლევად.
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით კი, ჩეხეთი კვლავ მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ გზას.
მისივე განცხადებით, მსოფლიო პანდემიამ იმოქმედა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის კომუნიკაციის ინტენსივობაზე, თუმცა საერთო ძალისხმევით შესაძლებელია ამ გამოწვევის დაძლევა.
კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მისალოც წერილში, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაძლიერდება საერთო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული გაუთვალისწინებელი მდგომარეობის დროს.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოჰამად ჯავად ზარიფი იმედს გამოთქვამს რომ ორი ქვეყნის ლიდერთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ძალისხმევის ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოთქვამს მოლოდინს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.