ბიძინა ივანიშვილი: ვირუსით გამოწვეულ უბედურებაში ჩვენმა მთავრობამ მაქსიმალური გააკეთა და გააზრებულად მოიქცა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ მადლობა გადაუხადა ექიმებს, განსაკუთრებით, თენგიზ ცერცვაძეს.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ექიმებს მადლობას გადავუხდი. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუკეთესო ექიმსა და საუკეთესო ადამიანს. პანდემია თავისთავად, გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია. თქვენ ნახეთ, ახალი ვალები ავიღეთ და სიტუაცია არ არის მარტივი. ამ კრიზისულ სიტუაციაში, მაინც შესაფასებელია „ქართული ოცნების“ გუნდი. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სახელისუფლო ბერკეტებით დაიწყო მომართვა და ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ლოკდაუნს ეძახიან – ყველა სახელმწიფომ ეს გამოიყენა, მათ რიცხვში გამოვიყენეთ ჩვენც. თუ გახსოვთ, ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში ვიყავით. საუკეთესო თუ არა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით. იმის შემდგომ გახსოვთ, ილუზიაც და გამონათქვამებიც – ოპონენტები წამოვიდნენ, რომ ჩვენ, ქართველებს ისეთი იმუნიტეტი გვაქვს, ეს არ გვემართება, არ დაგვემართება და ხელისუფლება არაფერ შუაში არაა. ევროპამაც ეს გამკაცრებები მოხსნა და ამ ფონზე, ჩვენ აღარ შეგვეძლო, გაგვეგრძელებინა ამ ფორმით მართვა და პროცესი მივუშვით. ოპოზიციამაც ივაჟკაცა, ძალიან წაეხმარა ამ პროცესის გართულებას, შეკრებები, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა, გააკეთა. შედეგმაც არ დააყოვნა. ქართველები ასეთი ვართ, როგორიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ ინსტრუქციას და როდესაც გავუშვით, ბუნებრივად მოვიქეცით, ერთი პერიოდი ასი ათას მოსახლეზე ჩვენ ყველას გადავასწარით და ასი ათას სულ მოსახლეზე ჩვენ გავედით პირველ ადგილზე. აქაც მინდა, რომ პირველი ვარიანტი გაჩვენოთ – როდესაც ხელისუფლებით იმართებოდა პროცესი, ვიყავით საუკეთესოები და ახლა ნახეთ, როდესაც ასი ათასზე დაავადებულების რაოდენობით ევროპაშიც პირველ ადგილზე გავედით და რაღაც ეტაპზე მსოფლიოშიც. ყველაზე წარმატებული ევროპის ქვეყნები აიღეთ, რაც საჭიროებს ამ დროს პაციენტების მიხედვას სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტრო მაქვს მხედველობაში, არც ერთ წარმატებულ სახელმწიფოზე ნაკლებად არ იმართებოდა პროცესები ყველაზე პიკურ ცუდ სიტუაციაში. პირველად პირდაპირი მნიშვნელობით მომართა ხელისუფლებამ და ლამის პირველები ვიყავით, მეორედ – როდესაც აბსოლუტურად მიშვებული იყო და საზოგადოებამაც ვაჩვენეთ ჩვენი დაუდევრობა, ისევ პაციენტების რაოდენობით ასი ათას სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე, არც ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე ნაკლებად არ ყოფილა მენეჯმენტი და მიხედვა დაავადებული პაციენტების. აი, ეს არის ჯანდაცვისა და მისი მინისტრის ნაწილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი, მთელი მთავრობა ამაში მონაწილეობდა და აქაც კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ ხელწერა.

„როგორ იყო ევროპაში მაღაზიები, ძალიან წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებს შეგიძლიათ, შეეხოთ რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ელემენტარული პროდუქტის ყიდვა ჭირდა მაღაზიაში. ნახეთ, სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთელი ეკონომიკური ჯგუფი რა თქმა უნდა, ბიზნეს სამყაროსთან ერთად, როგორ კარგად მიდიოდა მენეჯმენტი. აბა ნახეთ, კრედიტები, რომლებიც სამწუხაროდ, დაგვჭირდა. ლამის პირველებმა დავალაგეთ საკრედიტო პორტფელი ის, რაც საჭიროებდა, დახმარებები რაც უნდა მიგვეღო, ყველაზე ადრე დაიწყეს, რაშიც ფინანსთა მინისტრის ძალიან დიდი დამსახურებაა და ეკონომიკურ ჯგუფისა და მთავრობის მეთაურის. ნახეთ, მსოფლიო ბანკის შეფასება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები, წაიკითხეთ, ნახეთ ეკონომიკურმა ჯგუფმა და მთელმა ხელისუფლებამ აქაც გაჭირვების პროცესშიც ძალიან წარმატებით გაართვა თავი მენეჯმენტს. აბა, გაიხსენეთ, კრიზისული სიტუაცია, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და უბედური 2008 წლის ომი, ნახეთ, როგორი მენეჯმენტი ჰქონდათ, ვინ სად გარბოდა, ვინ რას აკეთებდა თუ გახსოვთ, როგორ მიატოვეს ცხედრები, ვიდრე პატრიარქი არ ჩავიდა. ეს არის სხვაობა. კრიზისი რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენაა. კრიზისში უნდა აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ მას აქვს კრიზისული მენეჯმენტის საშუალება და გამოცდილება. ვფიქრობ, როგორც არ უნდა გააანალიზო, უბედურება კია, მაგრამ უბედურებაში მაქსიმალური გააკეთა და გააზრებულად მოიქცა ჩვენი მთავრობა. თუ ნახავთ პოსტკრიზისულ პერიოდს და იმას, როგორ გადაანაწილა მოზიდული ფინანსები საზოგადოებასა და ბიზნესზე ქართულმა ხელისუფლებამ, აქაც შექებას იმსახურებენ. ღმერთმა ქნას, ამ ვირუსს მოვერიოთ ამ გაზაფხულზე. ზოგადად, ძალიან დიდი გამოწვევა მიიღო მსოფლიომ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ინტერნეტიზაცია და გლობალიზაცია ძალიან გაიზარდა, ზოგადი გეოპოლიტიკაც შეიძლება ცვლილებებს დაექვემდებაროს. ამ ფონზე, ქვეყანა უნდა იყოს მომართული, ჯანსაღი, კარგი ხელისუფლება უნდა იყოს წარმოდგენილი, სტაბილური უნდა იყოს ქვეყანა, რომ გაუძლოს ახალ გამოწვევებს.

„თუ მუდამ ქუჩა და ძალადობა მიდის, ეს ძალას გართმევს, უამრავი ენერგია მიდის ამ გაურკვეველ ბრალდებებზე, ნაცვლად იმისა, რომ მათგან მოვისმინოთ ჭეშმარიტად უკეთესი, რაზეც სახელმწიფომ შესაძლოა, რეაქცია გააკეთოს. ჯანსაღი ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც კონსტრუქციულია, არგუმენტებით საუბრობს, იცის როგორ განავითაროს ქვეყანა. ეს არ გვესმის სამწუხაროდ დღევანდელი ოპოზიციისგან. პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილურობა გვჭირდება, რომ ქვეყანამ გამოწვევებს გაუძლოს, რომელიც დიდი ალბათობით გველის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები