მსოფლიოში კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ უარესდება, ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ

11 იანვრიდან გერმანიის 16 ფედერალურ შტატში ძალაში შევიდა მკაცრი კოვიდ რეგულაციები. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც მოქმედებდა ქვეყანაში 16 დეკემბრიდან, დარჩა ძალაში, ნაწილი კი კიდევ უფრო გამკაცრდა. რაც შეეხება ახალ შეზღუდვებს, შეკრებები უნდა მოიცავდეს ერთი ოჯახის წევრებს, პლუს მაქსიმუმ ერთ გარეშე პირს. ასევე, ნებისმიერი პირი, რომელიც ცხოვრობს ისეთ რეგიონში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 200-ზე მეტია, შესაძლოა, შეიზღუდოს გადაადგილების უფლებით 15 კილომეტრს ზემოთ, თუ ამის აბსოლუტური  აუცილებლობა არ არსებობს. კვლავ დაკეტილია არაძირითადი მოხმარების მაღაზიები, საეკლესიო რიტუალები ტარდება მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, ძალაშია მოწოდება დისტანციურად მუშაობის შესახებ. გარდა ამისა, დაკეტილია საბავშვო ბაღებისა და სკოლების უდიდესი ნაწილი, აკრძალულია ღია ცის ქვეშ ალკოჰოლის მიღება. ყველა, ვინც ქვეყანაში შედის რისკის ქვეყნებიდან, ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას ორჯერ.

აშშ-ში იანვარი ლეტალობის მხრივ ყველაზე კრიტიკული იქნება. პირველი 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების 27 000 ფაქტზე მეტი დაფიქსირდა.

კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, მისი მუშაობის 22 წლის მანძილზე არ უნახავს მსგავსი სიტუაცია და არ ყოფილა ისეთი შეშინებული, როგორც ახლაა. თითქმის აღარაა თავისუფალი საწოლები ინტენისიური თერაპიის განყოფილებებში და, მისივე თქმით, თუ საწოლი თავისუფლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი გარდაიცვალა. 9 იანვარს კალიფორნიის შტატში 695 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი უკვე 40 დღეა, 100-ათასიან ნიშნულს აღემატება. ჯერჯერობით, ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

11 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რაოდენობამ 524 შემთხვევა შეადგინა, რაც კრიტიკულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, გაერთიანებული სამეფო პანდემიის ყველაზე საშიშ და კრიტიკულ ფაზაში იმყოფება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედებს რიგით მესამე ე.წ. ლოქდაუნი, თუ დადგა ამის საჭიროება, კოვიდრეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება. „ჩვენ მუდმივად განვიხილავთ რეგულაციებს და სადაც საჭიროება მოითხოვს, გავამკაცრებთ. თუმცა, ქვეყანაში უკვე მოქმედებს არაერთი შეზღუდვა, რომელთა დაცვის შემთხვევაში ეპიდსიტუაცია იქნება ძალიან განსხვავებული. აუცილებელია, ადამიანებმა გაითვალისწინონ წესები და ყველგან იფიქრონ ეპიდემიის გავრცელების შეკავებაზე“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

დიდი ბრიტანეთის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა იქნება ყველა მძიმე, პანდემიის დაწყების დღიდან. ამიტომ, საზოგადოებას მოუწოდა, შეამცირონ კონტაქტები. მან მოუწოდა ხალხს, რომ არ დაელოდონ მთავრობის მითითებებს და თავად იზრუნონ რეგულაციების სათანადოდ დაცვაზე. „დღევანდელი მონაცემებით, ლონდონში ყოველი 30 ადამიანიდან 1 ინფიცირებულია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 50-დან 1. ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი ინგლისის მასშტაბით მზარდია, სიტუაცია კი ახალი შტამის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა“. მისივე ინფორმაციით ინგლისში გაიხსნა ვაქცინაციის რამდენიმე პუნქტი სხვადასხვა ქალაქში, თუმცა, რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ქვეყანაში შესამჩნევი გახდეს ვაქცინაციის ეფექტი.

ეპიდსიტუაციის ფონზე აღსანიშნავია ეკონომიკური კრიზისი და ვარდნა დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთის მცირე ბიზნესების ფედერაციამ (FSB) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი დახმარებების გარეშე ბიზნესები დადგებიან სერიოზული პრობლემების წინაშე. პანდემიის გამოწვევებს თან ერთვის ბრექსიტის გამოწვევები და ევროკავშირთან ახალი სავაჭრო რეგულაციები, რის შედეგადაც ხუთი ფირმიდან ერთმა 2020 წლის ბოლოს შეამცირა სამუშაო ადგილები, ხოლო შვიდიდან ერთი მომდევნო თვეებში პროგნოზირებს იმავე პროცესებს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია დაბალი მოგების მოლოდინი და შეადგენს 58%-ს.

10 იანვრის მონაცემებით, იტალიაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში 361 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა,  18 627 ადამიანი კი კორონავირუსით დაინფიცირდა.

საახალწლოდ გამოცხადებული ეროვნული დონის შეზღუდვების შემდეგ,  11 იანვრიდან იტალიის რეგიონების დიდ ნაწილში ყვითელი ზონის შეზღუდვები მოქმედებს. ხოლო, კალაბრიის, ემილია-რომანას, ლომბარდიის, სიცილიისა და ვენეტოს რეგიონებში, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ნარინჯისფერი ზონის შეზღუდვებია დაწესებული. 15 იანვრამდე იტალიის მთავრობა ახალ დეკრეტს გამოსცემს, რომელშიც არსებული ზომების გამკაცრების შესახებ დამატებითი დეტალები იქნება მოცემული.

ფრანგი ეპიდემიოლოგების განცხადებით, საფრანგეთი კრიტიკულ ეპიდემიოლოგიურ ფაზაში იმყოფება. გასულ კვირას შემთხვევების რაოდენობა დრამატულად იზრდებოდა და დღეში 20 000 შემთხვევას აჭარბებდა.

პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის რაოდენობა კვლავ იზრდება. 11 იანვრის მონაცემებით, ინფიცირების 7 925 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვალების 122 ფაქტი. 15 იანვარს ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვების გამოცხადებაა მოსალოდნელი. ჯანდაცვის ექსპერტები და პოლიტიკოსები პორტუგალიის მთავრობას დღესასწაულებზე შეზღუდვების შემსუბუქების გამო აკრიტიკებენ, რამაც შემთხვევების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

ბრიუსელის ჯანდაცვის ინსპექციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დედაქალაქში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება დაკავშირებულია მოგზაურების დაბრუნებასთან. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი, რაც დაკავშირებულია დღესასწაულების შემდეგ დიდი რაოდენობით ადამიანების დაბრუნებასთან და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება მომდევნო კვირების განმავლობაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ე.წ. წითელი ზონებიდან დაბრუნდა თითქმის 50 ათასი ადამიანი. მათი დიდი ნაწილი იტესტება პირველ და მეშვიდე დღეს და კოვიდ ინფიცირების საერთო მაჩვენებლის ზრდა სწორედ ამ ფაქტთანაა დაკავშირებული.

ბრიუსელის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანმა გაიზიარა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და თავადაც მოუწოდა ოფიციალურ პირებს, დაკეტონ ქვეყნის საზღვრები. „როგორც ჩანს, ამ სიტუაციაში ე.წ. ლოქდაუნის თავიდან აცილების მიზნით და ეკონომიკისთვის ზარალის მიყენების თავიდან ასაცილებლად ყველაზე კარგი გამოსავალი არის ბელგიის საზღვრების სასწრაფოდ დაკეტვა, ოღონდ ახლა და არა ორი კვირის შემდეგ, როდესაც კოვიდის ახალი შტამი მასიურად გავრცელდება“, – განაცხადა მან. ამჟამად, ბელგიაში მოქმედებს სავალდებულო კარანტინი და კოვიდ ტესტის ჩატარება ქვეყანაში შემსვლელთათვის.

11 იანვარს რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 23315 და გარდაცვალების 436 შემთხვევა დაფიქსირდა.

10 იანვარს თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 10 220 და გარდაცვალების 174 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერმა გასცა დაპირება, რომ ვაქცინაციის პროცესი ადამიანებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დააბრუნებდა, თუმცა, ტემპი იმაზე ნელია, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო.

იმისათვის, რათა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს გამოუმუშავდეთ  „ჯოგური იმუნიტეტი“ –  აუცილებელია, აიცრას მოსახლეობის 70-90%, დაახლოებით, 7 მილიარდ 800 მლნ ადამიანი. იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა ვაქცინის ორი დოზა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს 10-14 მილიარდი დოზა, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

ამასთან, პროცესს ართულებს ლოჯისტიკური დაბრკოლებებიც და ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ვაქცინის ტრანსპორტირება და შენახვა წარმოადგენს. მაგალითად, ბრიტანეთმა, ისე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რომ დაზუსტებით არ იცოდა, რამდენი დოზა ჰქონდა ქვეყანას ჯამურად, რადგან მოლაპარაკებები მომწოდებლებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ნელა მიმდინარეობს ვაქცინაცია საფრანგეთშიც. დაგეგმილზე უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს პროცესი აშშ-შიც.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთო. ეკლესიის წარმომადგენლების დახმარებით, კორონავირუსის აცრების თაობაზე შესაბამისი ბროშურების გავრცელება მოხდება, რათა საზოგადოებას სწორ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს. არსებული ცნობით, ვაქცინაციის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებაში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, რუმინული მართმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის კათოლიკური ეკლესიების მსახურები, ასევე, მუსლიმი მუფთებიც არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები