საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით ხანძრების ქრობას განაგრძობს.
პროცესში ჩართულია 350 მეხანძრე-მაშველი, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევისა და წოლას მიმდებარედ მუშაობს.
მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშსა და ზარაგულაში.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, “სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”.
მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის: ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში.
ამ დროისთვის, ძლიერი დაკვამლიანება მხოლოდ სქურის კერაზე შეინიშნება, რაც გამოწვეულია ფოთლის წვით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დანარჩენ ორ კერაზე, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი.
“ამ ეტაპზე, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ არის შიდა ქართლში, თუმცა, მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება. კასპში, რკონის ხეობაში ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 257 შეტყობინება მინდვრისა და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება, გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.