უცხოელი კოლეგები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

თურქეთის, იტალიის, სლოვაკეთის, შვედეთის, აზერბაიჯანის, სუამის წევრი სახელმწიფოებისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ და შესაბამის წერილებს უგზავნიან.

„თქვენ ხელახლა იწყებთ თქვენს საქმიანობას ძალიან კრიტიკულ მომენტში, რომლის ფარგლებშიც არსებობს ჩვენს რეგიონში ხანგრძლივად მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესაძლებლობა. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ღირებული წვლილით თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში, შემდგომშიც განვითარდებაჩვენი ხალხის სასიკეთოდ”, – ნათქვამია მევლუთ ჩავუშოღლუს მიმართვაში.

„მოხარული ვარ, თქვენთან ერთად გავაგრძელო საქმიანობა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად როგორც ორმხრივ, ასევე – საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული არაერთი საკითხის დონეზე, რომელთა მიმართ იტალიისა და საქართველოს საერთო მიდგომა გააჩნია”, – აღნიშნულია იტალიის მთავარი დიპლომატის, ლუიჯი დი მაიოს წერილში.

„მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება ყველა სფეროში. აქედან გამომდინარე, ველი ჩვენს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მეტად განმტკიცებას. ასევე, მსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სომხეთის პირველმა დიპლომატმა, არა აივაზიანმა ზალკალიანს პირადად, სატელეფონო საუბრისას მიულოცა.

„2020 წლის მიწურულ, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს და ბედნიერი და წარმატებული 2021 წელი გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გულთბილი ურთიერთობების მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოც მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები