„პრემიერის ინიციატივით შევძელით უმოკლეს ვადაში 10 თევზსაჭერი გემის მხარდაჭერა” – მიხეილ ხიდურელი
„პრემიერის ინიციატივით შევძელით უმოკლეს ვადაში 10 თევზსაჭერი გემის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტო აქტიურად აგრძელებს აღნიშნული სექტორის განვითარებასა და ახალ პროექტებზე მუშაობას, 2020 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი.
კომპანიები ისარგებლებენ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე, 6 კომპანია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში” განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.
ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა, გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობისა და წარმადობის გამო კი, მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება.