კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმმა რუსუდან სარალიძის ოჯახისგან ძვირფასი საჩუქარი მიიღო

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმმა რუსუდან სარალიძის ოჯახისგან ძვირფასი საჩუქარი  მიიღო. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეიბუქგვერდი ავრცელებს ინფორმაციას. 
„პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა პასიური პერიოდი მოუტანა კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს. მოგეხსენებათ, მისი სივრცე მუდმივად იყო დატვირთული სხვადასხვა ხასიათის სალონური და კამერული ტიპის ღონისძიებებით. დაინტერესებული ვიზიტორები ხშირად სტუმრობდნენ მუზეუმის მყუდრო და საინტერესო გარემოს.
მიუხედავად ჩაკეტილობისა, მუზეუმის ხელმძღვანელობა უწყვეტად ზრუნავდა ექსპონატების შემატებაზე, თუმცა დღევანდელი ახალი ექსპონატის ისტორია მაინც გამორჩეულია.
ეს გახლავთ გერმანული ფირმა „დიდერიხსის“ საკონცერტო პიანინო. ის დამზადებულია რევოლუციამდელ რუსეთში, აქვს სპილოს ძვლით მოპირკეთებული კლავიშები. აქვს ძლიერი და მსუყე ჟღერადობა, პიანინოსთვის მართლაც განსაკუთრებული.
შექმნიდან საუკუნეზე მეტი გავიდა და ახლაც სრულყოფილ ხმას გამოსცემს. მიღებული აქვს მრავალი მედალი სხვადასხვა კონკურსში. ბოლო მედალი – 1906 წელს.
ეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოიტანეს ლენინგრადიდან თბილისში და იყო ექიმ გედევანიშვილების ოჯახში. 1948 წელს მათგან შეიძინა ბოლო პატრონის, რუსუდან სარალიძის ბაბუამ, ბაღდათის მთავარმა ექიმმა, გრიგოლ სებისკვერაძემ, მისი შვილის (რუსუდანის დედის) ნათელა სებისკვერაძისთვის, რის შემდეგაც პიანინო იდგა ბაღდათში, სებისკვერაძეების ოჯახში. გრიგოლის მეუღლემ, სონიამ, პიანინო დაუტოვა შვილიშვილს, რუსუდან სარალიძეს. 1995 წლიდან რუსუდანმა პიანინო წამოიღო თბილისში. ამჟამად კი ოჯახმა ეს უნიკალური ინსტრუმენტი საჩუქრად გადასცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ“, – აღნიშნულია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარ ფოტოზე:  რუსუდან სარალიძე შვილთან, ბექასთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები