აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ კოვიდ19-თან აქტიურ ბრძოლას გეგმავს და პრეზიდენტობის 100 დღეში 100 მილიონი ადამიანის აცრის პირობას დებს.
ბაიდენმა ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა, რადგან, მისი თქმით, ფედერალურმა მთავრობამ ვაქცინის საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.
“ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა ვაქცინის გავრცელებასთან დაკავშირებით ძალიან ჩამორჩენილია”, – თქვა ბაიდენმა დელავერის შტატში.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, კორონავირუსს 335 ათასზე მეტი ამერიკელი შეეწირა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 19,3 მილიონს შეადგენს.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 20 მილიონი ადამიანი იქნებოდა აცრილი, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნეს, ვაქცინაციის დაწყებიდან მხოლოდ 2,1 ადამიანია აცრილი.
აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ CNN-თან საუბარში თქვა – “ვერ მივაღწიეთ იმ ციფრებს, რასაც დეკემბრის ბოლოსთვის ვგეგმავდით. დაბალ ნიშნულზე ვიმყოფებით იმ ზღვართან მიმართებით, სადაც გვინდოდა ყოფნა”.
როგორც ბაიდენმა თქვა, “თუ ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდება, ამ პროცესს არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება”.