დავით ზალკალიანი: დიასპორას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ქვეყნის განვითარების კუთხით
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა წლიური ანგარიში წარადგინა და საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის განხორციელებაში დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ზალკალიანის თქმით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე საქართველოს მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული. ამასთან, დიასპორაზე ზრუნვა მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებადაა განსაზღვრული.
როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს ქვეყნიდან სხვადასხვა დროს გასულ თავის მოქალაქეებთან და ხელს უწყობს მათ, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ასევე, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში. კერძოდ, გაგრძელდა დიასპორული ორგანიზაციებისა და კულტურული კერების მხარდაჭერა საკვირაო სკოლებისა თუ სწავლების ინოვაციურ მეთოდების მიმართულებით; პანდემიის პირობებში უპრეცედენტოდ გაიზარდა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის მოცულობა და ბენეფიციართა რაოდენობა, რაც პანდემიით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენაა მიმართული; გაგრძელდა დიასპორული ფორუმებისა და კონფერენციების ჩატარება ონლაინ ფორმატში; გარდა ამისა, აქტიურ ფაზაში შევიდა „ლევილის ქართულ – ფრანგული კულტურული ცენტრისა და ქართული აკადემიის” სამშენებლო სამუშაოები. გრძელდება ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის პროექტების რეალიზაცია.
2021 წელს დაგეგმილია სპეციალური საგრანტო პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს ფოლკლორული ანსამბლებისა და კულტურული კერების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.
ზალკალიანის თქმით, ისტორიულად, დიასპორები ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობენ თავიანთი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში. ასევე, ფასდაუდებელია მათი წვლილი საზღვარგარეთ სამშობლოს იმიჯის ამაღლებისა და მისი ინტერესების გატანის საქმეში. ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება COVID – 19 პანდემიის პერიოდში სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ჩამოყალიბებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა სამაგალითო იყო.