დავით ზალკალიანი: გლობალური პანდემიის პირობებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში ზრუნავდა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების რეალიზაციაზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს საგარეო უწყების მიერ გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

წლის ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე დეტალურად ისაუბრა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში ზრუნავდა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების რეალიზაციაზე. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა დიპლომატს, საკონსულო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო მართლაც და დაუღალავი და უმნიშვნელოვანესი შრომისათვის, რის შედეგადაც საზღვარგარეთ მყოფ, საქართველოს 23296 მოქალაქეს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 22862 პირი. პანდემიის პირობებში, დახმარება გაეწია 342 მეზღვაურს, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ სტუდენტებს. საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო ჩართულობით, ორგანიზებულად, აშშ-დან 78 სტუდენტის, იტალიიდან 73, ხოლო ეგვიპტიდან 10-მდე სტუდენტის ჩამოყვანა მოხერხდა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

უწყების ხელმძღვანლის განცხადებით, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, შესრულდა 74 რეისი, მსოფლიოს 27 ქვეყნიდან და დიპლომატიური მისიები აქტიურად იყვნენ ჩართული და დღესაც აგრძელებენ საქართველოსთვის სამედიცინო ნედლეულის, აღჭურვილობის და დეფიციტური პროდუქტის მობილიზებას. ხაზი გაესვა, რომ ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მოპოვების თემას.

მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო აშშ-დან 17,37 მლნ დოლარიანი; ევროკავშირიდან – 430 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება, ასევე სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთები ჩინეთიდან (55 ათასი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა); იაპონიიდან (ანტივირუსული პრეპარატი ავიგანი და 300,000,000 იაპონური იენის (2.8 მლნ აშშ დოლარი) დახმარება) და კორეის რესპუბლიკიდან (400.000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება).

„სამომავლოდ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის მხრივ საგარეო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. გადაიდგმება ნაბიჯები ელექტრონული და დისტანციური მომსახურებების გასაძლიერებლად, რისი საჭიროებაც კიდევ უფრო გამოიკვეთა Covid-19 პანდემიის პირობებში. აუცილებლად უნდა მოხდეს გლობალური პანდემიით მიღებული გამოცდილების ანალიზი და მომსახურების შესაბამისი პროდუქტების დანერგვა”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები