2020 წლის პოლიტიკური მოვლენები ,,კვირასთან“ პოლიტიკურმა ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ შეაჯამა:
-გასული წლის მთავარ პოლიტიკურ მიღწევად ქართულ რეალობაში რას მიიჩნევდით?
-რთული შეკითხვაა. პირველ ყოვლისა, საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც, როგორც წესი, წინ ვრცელი უვერტიურა უძღვის. პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო სტილი ყოველთვის განსხვავებულია. ,,ქართული ოქნება“ არჩევნების გამოცხადების შემდეგ იწყებს საარჩევნო კამპანიას, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქტივობა კი მთელი 4 წლის მანძილზე უწყვეტად მიმდინარეობდა და ეს პროცესი არ გაჩერებულა. ის პოლიტიკური ხაზი, რომლითაც ორი ძირითადი პარტია 31 ოქტომბრამდე მივიდა, გადამწყვეტი აღმოჩნდა არჩევნების შედეგებისთის.
– ამომრჩეველის სიმპათია საბოლოოდ რომელმა საარჩევნო სტრატეგიამ დაიმსახურა?
-ადამიანების განწყობაზე დიდწილად მოქმედებს საარჩევნო ფონი. როდესაც ის მუდმივად დაძაბულია, ამომრჩეველი მშვიდი საარჩევნო კამპანიის მომხრე ხდება. საყოველთაო ყაყანის ფონზე ამომრჩეველი ყურადღებას მშვიდ პარტიას აქცევს. გახსოვთ, რა მოხდა შევარდნაძის არჩევნების დროს, როდესაც საარჩევნო ფონი მშვიდი იყო და მხოლოდ სააკაშვილის პარტია ხმაურობდა? მაშინ ელექტორატის ყურადღება მხოლოდ ,,ხმაურიანმა პარტიამ“ მიიქცია და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის არჩევნებშიც ძველი სტილით გადაწყვიტა გამარჯვება და შეცდა. ამომრჩეველმა სტაბილურობას დაუჭირა მხარი და იფიქრა, ეს გადარეულები რომ დაბრუნდნენ პოლიტიკაში, რაღა გვეშველებაო.
-თუმცა, საბოლოოდ, პარლამენტში 2020 წლის ბოლოს მხოლოდ ერთი პარტია აღმოჩნდა…
-რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, ქართველებს საოცარი სიტყვა გვაქვს – ,,შემომეჭამაო“. თითქოს, მე კი არ ვიყავი მოქმედი სუბიექტი, მე კი არ შევჭამე, იღბალმა მაიძულა, შემეჭამა ჩემი ნების საწინააღმდეგოდო. ,,ოცნებასაც“ ასე მოუვიდა და ეს პარლამენტი ,,შემოერთპარტიულდა.“ თუმცა, მმართველ გუნდში რაღაც ინფორმაცია უთუოდ აქვთ, რომ ასე თამამად ამბობენ, პარლამენტში დიდხანს მარტო არ დავრჩებითო, ვნახოთ… ყოველდღე ვხედავთ რიგი ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ლოიალურ განცხადებებსა და პოზიციის ცვლის მცდელობას, რომელიც აშკარად პროპარლამენტურია. პარლამენტს გარეთ აღმოჩენილი პარტიები აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს: ქუჩაში დარჩენით მათი პოლიტიკური მომავალი დაღმა მიდის თუ – აღმა. 3 და 1%-იანი პარტიების სურვილი იყო, რაც შეიძლება დიდი პროცენტით შესულიყვნენ პარლამენტში. 0%-იანებისა – როგორმე შეეღწიათ საკანონმდებლო ორგანოში. დრო საკმაოდ სწრაფად დაგვანახებს, რას გადაწყვეტენ ოპოზიციური პარტიები.
-როგორც კი პატარა პარტიების განწყობა ლოიალური ხდება, მაშინვე დიდი პოლიტიკური სუბიექტები ,,კოლეგების“ ბულინგს იწყებენ. ასეთი მუქარის ტონი გაისმა გუშინ ოქრუაშვილისა და ბურჯანაძის განცხადებებში, რომლებმაც პარტიებს ოპოზიციური ერთიანობისა და პარლამენტში შეუსვლელობისკენ კიდევ ერთხელ, საკმაოდ მკაცრად მოუწოდეს. ბულინგის რა შესაძლო ბერკეტებს შეიძლება, ფლობდნენ პარლამენტს მიღმა დარჩენილი 0%-იანი ლიდერები?
– მგონი, ბერკეტები მათ რეალურად უნდა ჰქონდეთ. ბურჯანაძესაც და ოქრუაშვილსაც შესაძლოა, ხელი მიუწვდებოდეთ სამეგრელოს კასრების ,,მადანზე“. არ გამოვრიცხავ ფინანსურ ნაკადებსაც, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ბულინგის განსახორციელებლად. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ,,მოღალატის“ იარლიყის აკვრა არავის სურს. ასე რომ, ბულინგი პოლიტიკაში ქმედითი იარაღია. თუ პროცესები ისე წარიმართა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური დაღმართისკენ წავიდა, მაშინ პატარა პარტიები დიდებს განუცხადებენ, რომ მათ პოლიტიკური უფსკრული სულაც არ ხიბლავთ, გადარჩენა სურთ და პარლამენტში შესვლაზე იფიქრებენ.
-,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ახალი თავმჯდომარე აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის სიმპათია აშკარად ვარშალომიძისკენ იხრებოდა, ,,პირველი ნაციონალი“ მაინც ნიკანორ მელია გახდა.
-სააკაშვილმა მიულოცა მელიას გამარჯვება და ვფიქრობ, მისი რეაქცია მაინც ისეთი იყო, რომ ცდილობდა, შეენარჩუნებინა დიალოგის რეჟიმი მელიასთან. მომავალში არა მგონია, მარტივად წარიმართოს მათი ურთიერთობა. მიკვირს, რატომ ვერ მიახერხა სააკაშვილმა ერთგული ვარშალომიძის დასმა პარტიის თავმჯდომარის სავარძელში. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით დაწყებულია დუღილის პროცესი, რომელსაც სააკაშვილი ვეღარ აკონტროლებს.
-კულუარებში ,,ევროპულ საქართველოში“ შექმნილ პოლიტიკურ და ფინანსურ კრიზისსაც აანონსებენ. მათი მთავარი დამფინანსებელი მომავალი წლის არჩევნებში სხვა პოლიტიკოსების დაფინანსებას გეგმავს. თუ ასეა, რა ბედი ელით ბოკერიას, უგულავას, ბაქრაძეს?
-,,12 სკამიდან“ ერთი სცენა დამიდგა თვალწინ: იპოლიტი ქუჩაში ხელგაწვდილი დგას და გამვლელ-გამოვლელს ფულს ემათხოვრება. ,,შეეწიეთ პარლამენტის ყოფილ წევრებს“, შესაძლოა – ბოკერია-უგულავას მომავალი მთავარი სლოგანი გახდეს. თუმცა, ვერც ბოკერია და ვერც უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდებიან, მათმა პარტიას მარშითაც რომ შეეღოთ საკანონმდებლო ორგანოს კარი. სამწუხაროა, რომ ,,ევროპული საქართველოს“ ექსპერიმენტი ასეთი უაზრო გამოდგა…
-თუ ,,ევროპული საქართველო“ ნებისმიერი პროცენტის მიღების შემთხვევაში მაინც არ აპირებდა პარლამენტში შესვლას, მაშინ რა აზრი ჰქონდა, ბოკერია-უგულავა საპარლამენტო სიის თავში ეწერებოდნენ თუ ბოლოში?
-ბოკერია და უგულავა პოლიტიკური სიის თავში რომ აღმოჩენილიყვნენ და არა – 50-ე ნომრად, ასე შეუპოვრად დაიცავდნენ საკუთარ ულტიმატუმებისას?
-თუ ქართული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს, 2021 წელს რატომ აპირებს ,,ქართული ოცნების“ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
-სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ქართულ ოპოზიციას ლოგიკა არ უნდა მოვთხოვოთ. ჯერ იყო, საპარლამენტო რესპუბლიკას ითხოვდნენ, რომლებიც, მოგვიანებით, ფეხებზე დაიკიდეს. შემდეგ იყო და, პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვდნენ, რომელიც მალევე მეორეხარისხოვნად მიიჩნიეს. პროპორციული სისტემა ,,ქართული ოცნებისთვის“ უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვიდრე ოპოზიციისთვის. როდესაც 2 პარტია ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა, ამომრჩეველმა მხარი ხელისუფლებას დაუჭირა. მაჟორიტარული სისტემით ოპოზიციას კიდევ ჰქონდა შანსი მეტი დეპუტატის, მეტი პოლიტიკური ლიდერის გაყვანისა. ბიძინა ივანიშვილმა თვლა კარგად იცის და დაითვალა კიდეც… როდესაც სააკაშვილი აცხადებდა: ივანიშვილს ხელიდან გამოვტაცეთ პროპორციული არჩევნებიო, გამოტაცეს, კი! ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა და, ,,თაგვმა თხარას“ პრინციპით, ოპოზიციამ კატა გამოთხარა.
ია დანელია