„დედის მუდმივი შინაგანი სხივი – ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სკოლა“! – 27 დეკემბერს ლამარა ჭყონია დაიბადა

მომღერალი ეთერ ჭყონია ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და დედის – ლამარა ჭყონიას იუბილეს შესახებ წერს, რომელსაც 27 დეკემბერს 90 წელი შეუსრულდა.
„აი, უკვე 8 თვეზე მეტია კარგად ცნობილი მსოფლიო ვითარების გამო აქ არ შემოვსულვარ. ვერა და ვერ მოვედი ხასიათზე…მაგრამ დედას ასეთი საიუბილეო თარიღის დროს, არ შემიძლია 2 სიტყვა არ დავწერო.
მალე კიდევ დავწერ მასზე, მაგრამ ამ პირველ წერილში რატომღაც მომინდა მეთქვა ის, რაზეც ხშირად მიფიქრია, როგორც გრუშეს „კავკასიური ცარცის წრიდან”, მაგრამ არ მითქვამს.
ლამარა ჭყონიას შვილად გაჩენა, თავიდანვე თავისებური განსაცდელი იყო, მაგრამ ზრდასრულ ასაკში მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. სრულიად არ ვგულისხმობ სახელმოხვეჭილი დედის შვილობას. უნდა ვთქვა, რომ მომღერლის პროფესიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გარეთ, უამრავი ადამიანი გავიცანი, მაგრამ ასეთი შინაგანი სინათლე, როგორიც დედას ახასიათებდა, სხვებში იშვიათად შემიმჩნევია. ეს სპონტანურად მეც ჩამინერგა, ურომლისოდაც, ასეთ ჭრელ და ზოგჯერ დაუნდობელ ცხოვრებაში, გამიჭირდებოდა რწმენის შენარჩუნება. დედის შინაგანი სხივი სულ თან დამყვება, რაც ზოგჯერ მირთულებს კიდეც ცხოვრებას – ჩვენი ყოფა ხომ უფრო პრაქტიკულია და მკაცრი…
იღბლიანი ვარ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს სულიერი სინათლე ხშირი მოვლენა არ არის და არც აღზრდაზე ყოფილა დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, თანდაყოლილია. ან გაქვს, ან – არა. თუ შენც მიიწევ სინათლისკენ და ასეთ დედასთან იზრდები, ორმაგად იღბლიანი ხარ.
გარდა ამისა, დედამ მასწავლა ბევრი რამ, რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდი – თანაგრძნობა, სამაგალითო ალტრუიზმი, ერთგულება, ყველანაირი ქალური ან სხვა კონკურენციის გრძნობის გარეშე, რომელიც ზოგჯერ მსახიობს ახასიათებს. ხოლო ჩვენთვის, შვილებისთვის, მან ყველაფერი გაიღო – ემოცია, სითბო, სიყვარული, დრო. ბევრი იფიქრებს – ეს ხომ ისედაც დედის თვისებებია… მართალიც იქნება, მაგრამ აქ რაღაც კიდევ სხვა იყო, რასაც სახელს ვერ დაარქმევ…ალბათ ის, რაც ღმერთთან ოდნავ მაინც გაახლოებს – სიკეთის შეგნებული პოზიცია.
რა თქმა უნდა, დედამ, როგორც პედაგოგმა, დიდი როლი შეასრულა ჩემი მრავალი ლაურეატობისა და შემოქმედებით გზაზე, მაგრამ პროფესია თვითმიზანი რომ იყოს, მაშინ ცხოვრება გაცილებით ადვილი იქნებოდა.
დედის მუდმივი შინაგანი სხივი – ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სკოლა! დიდი მაგალითი.
მისი თაყვანისმცემლებიც შორიდან გრძნობდნენ მის ჭეშმარიტ ბუნებას და ასე წერდნენ:

„ნუთუ სუნთქავ, როგორც ყველა…
ნუთუ გძინავს, როგორც ყველას…
არ მგონია, შენ ცაზე ხარ,
ცის ლაჟვარდო, ცისარტყელა!“ (გ.ხუნდაძე)

„სირინოზი ხარ საამო, ძველი ზღაპრული ბაღების
და უნაზესი ჩუქურთმა გელათის ტაძრის თაღების“…
(ი.ჭარელიშვილი)

დაე, ჰფარავდეს დედას ღმერთი მარადიული ბრწყინვალე სხივით, ყველა დროს და ყველა სივრცეში“!- წერს ეთერ ჭყონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები