თბილისში ბინების ფასი და ტრანზაქციები შემცირდა
2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 671 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით შემცირდა და 636 აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2020 წლის 22 მარტიდან 30 ნოემბრამდე ახალაშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში. მცირედი კლება დაფიქსირდა ნაძალადევსა და დიდუბეში – 6% და 9%. გამონაკლისი იყო გლდანი, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.
მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 22%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 753 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ძველად აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 309 მილიონი აშშ დოლარი იყო.
COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს ინფორმაციით, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 17%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 7,816 ერთეული შეადგინა.
ახალაშენებული ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26% და 49%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს – ტრანზაქციების რიცხვი 14%-ით გაიზარდა და 2,318-ს მიაღწია.
თბილისში 2020 წლის ოქტომბერში 2,760 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 4%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობა 116 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.