ირაკლი ღარიბაშვილი: მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან: პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან
“მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის ბოლოს ჯარი სრულად იქნებ აღჭურვილი ნატოს სტანდარტების M4 ტიპის შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით.
„ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მომდევნო წელს ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად. ამ მიმართულებით, მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან.
არტილერია იქნება ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულება. იგეგმება თანამედროვე გადასატანი საზენიტო კომპლექსების შესყიდვა 2021 წელს. მომდევნო წელს შეძენილი იქნება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონები, ასევე, ვგეგმავთ სადაზვერვო ნაწილების აღჭურვას თანამედროვე სადაზვერვო აპარატებით. 2021 წელს ვიწყებთ ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენას და წლის ბოლოს ჩვენი ჯარი სრულად იქნებ აღჭურვილი ნატო-ს სტანდარტების M4 ტიპის შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.