ვახტანგ შაქარიშვილი: წარმოდგენილი ბიუჯეტი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის გაგრძელებაა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვახტანგ შაქარიშვილი დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკრებულოში დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა დღეს წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ვახტანგ შაქარიშვილმა 2021 წლის ბიუჯეტს “უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის ნათელი გამოხატულება” უწოდა.
“მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის გაგრძელებაა. ქვეყანა ცხოვრობს პანდემიის პირობებში და არის უმძიმესი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, ეს მოცულობითი და სქელტანიანი დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მერია ვერ აანალიზებს შექმნილ ვითარებას, მისი პრიორიტეტები და პოლიტიკა აცდენილია არსებულ გამოწვევებს.
გარდა აქამდე მოქმედი სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამებისა, სამწუხაროდ, არ იკითხება, რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას აპირებს მუნიციპალიტეტი კრიზისულ მდგომარეობაში მოქალაქეების დასახმარებლად. ცხადია, რამდენიმე კომპანიის მიერ შეძენილი სურსათის დისტრიბუცია ვერ ჩაითვლება მუნიციპალიტეტის მხრიდან მნიშვნელოვან აქტივობად”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, უპასუხისმგებლო და არაეფექტური მართვა გადაიზარდა კორუფციაში და მერიის სტრუქტურები, სადაც კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, მაღალი თანამდებობის პირებმა რამდენიმე კომპანიის სერვისად გადააქციეს.
“იფლანგება თბილისის ბიუჯეტი, გარიგებებით ხდება თბილისის ქონების დაუფლება, მერთან დაახლოებული ბიზნესმენები სარგებლობენ პრივილეგიებითა და პრეფერენციებით. მთლიანად უარი ითქვა იმ პრინციპებზე, რომლითაც 2017 წელს მოვედით ადგილობრივ ხელისუფლებაში. ამ ყველაფრის შესანიღბად კი გამოიყენება შინაარსით იაფფასიანი პიარ სვლები, რომელიც ბიუჯეტს სულაც არ უჯდება იაფი – 2021 წელს (შეგახსენებთ, რომ ეს საარჩევნო წელია) პიარ აქტივობებზე 13 მილიონამდე დაიხარჯება. აქედან 5 მილიონი სარეკლამო ხარჯია, ხოლო 8 მილიონი სხვადასხვა ღონისძიების საორგანიზაციო. ბიუჯეტში შეხვდებით სხვა არარაციონალურ ხარჯებს, პროგრამებსა თუ აქტივობებს, რომელთა ეფექტიანობის გაზომვა არ ხდება და თბილისელების ფული უყაირათოდ იხარჯება. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ვაპირებ მხარი დავუჭირო წარმოდგენილ ბიუჯეტს“, – განცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.