რუსუდან თევზაძე: მოხარული ვარ, რომ 2021 წლიდან იგეგმება განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროს განცალკევება

მოხარული ვარ, რომ 2021 წლიდან იგეგმება განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროს განცალკევება, – ამის შესახებ სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი რუსუდან თევზაძე აცხადებს.

მისივე აზრით, აუცილებლად უნდა შეიქმნას განათლების პოლიტიკის გენერირებისა და დანერგვა-განხორციელების ერთიანი პლატფორმა- ოპერირების სივრცე.

“ამ საქმეში ყველაზე დასაფასებელი ისაა, რომ მმართველ ძალას არსად და არასდროს არ აქვს პრობლემა მოისმინოს განსხვავებული აზრი, ჯანსაღი კრიტიკა და გაიზიაროს კიდეც.
ეს ჩემთვის, როგორც განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი და რაც მთვარია საიმედო მოცემულობაა. კვლავ ამის შესახებ მსურს მოგახსენოთ, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია და დამიწერია.

საბედნიეროდ, განათლების სისტემაში გვაქვს ე.წ. „ოაზისები“, ასე მაგალითად „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმების ინიციატივაა. ახალი სკოლის მოდელის უკეთესი და შედეგზე ორიენტირებული დანერგვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სისტემის სხვადასხვა სამართლებრივ სუბიექტებს შორის კარგი კოორდინაცია და თანამშრომლობა. აქ ვგულისხმობ ისეთ სსიპ-ებს როგორიცაა, მაგალითად მასწავლებლის სახლი და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

სამწუხაროდ ამ კონკრეტულ შემთხვევებში სსიპ-ების იდეამ არ გაამართლა. ცხადია მე სსიპ-ის თვისობრივ/სამართლებრივ იდეას არ ვეწინააღმდეგები. იდეალურ გარემოში, სწორედ ისაა დეცენტრალიზაციისა და განსხვავებული იდეების გენერირების მექანიზმი, თუმცა საქართველოს განათლების სისტემის შემთხვევაში მივიღეთ სრულიად დამახინჯებული ფორმა ე.წ. დამოუკიდებლად მოთამაშე „მონოპოლიებისა“, რომელთა მიზნები და ამოცანები ნაკლებად თუ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს და რაც მთავარია-ცენტრალურ იდეას. მოხდა მათი კონკურენციის რეჟიმში გადასვლა და არა თანამშრომლობითი პრინციპის დანერგვა. ეს კი დამღუპველად მოქმედებს გენერალურ მიზანზე. მათ შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და რაც უმთავრესია- კოსტრუქციული თანამშრომლობა. ამდენად, აუცილებელია ისინი ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდნენ და ესაა ფუნდამენტური პლატფორმა ეროვნული სასწავლო გეგმები, რასაც იდეაში ყველა დანარჩენი ემსახურება. ანუ, უნდა ჩამოყალიბდეს თვისობრივ-ტექნიკურად ერთიანი კონგლომერატი სსიპ-ის სახით.

მთელს მსოფლიოში, განათლებისა და კულტურის პოლიტიკას ქმნის კონკრეტული სამინისტრო, ხოლო მისი დანერგვა-განხორციელება ხდება მსგავს კონგლომერატებში. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას განათლების პოლიტიკის გენერირებისა და დანერგვა-განხორციელების ერთიანი პლატფორმა- ოპერირების სივრცე. აბა სად გაგონილა ომში რამდენიმე განსხვავებული სტრატეგიის გამტარებელი გენერალი, ან გემზე კაპიტანი ეს ხომ აპრიორი წაგებული თამაშია?!

საკითხის თვისებრივ მნშვნელობას რომ თავი დავანებოთ, ასევე ყურადსაღებია მისი ეკონომიკური ხასიათი. მოხდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია და ინტელექტუალური, თუ ფინანსური კაპიტალის რაციონალური და რაც უმთავრესია შედეგზე ორიენტირებული ხარჯვა- გამოყენება.
კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფა. კულტურა მრავალმხრივ სახელოვნებო მიმართულებას მოიცავს და ხასიათდება განსაკუთრებული სპეციფიკით. შესაბამისად მათი მართვა და ადმინისტრირებაც ძალზედ განსხვავებულ ძალისხმევასა და ხერხებს მოითხოვს. მე ნამდვილად მაქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება და ყოველთვის გავდივართ განათლებისა და კულტურის ძალიან სენსიტიურ ზღვარზე, რაც იწვევს კიდეც სერიოზულ პრობლემებს და შემდეგ უკვე მოგვარების საკითხშიც ბევრი ბარიერი იკვეთება.

კულტურას და განათლებას, როგორც ჟანგბადი, ისე ესაჭიროება დამოუკიდებელი ოპერირების თვისობრივ- სამართლებრივი სივრცე.

შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა დავაფასო ჩვენი ხელისუფლების რაციონალური ცვლილების განხორციელების სურვილი”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები