“სანამ მე მოსამართლე გავხდები, მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
გოჩა ლორთქიფანიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
„პრემიერობის კანდიდატს გადავუხდი მადლობას ორმაგი მხარდაჭერისთვის. ერთი ის, რომ მისი მხარდაჭერით ვსარგებლობდი საარჩევნო კამპანიის დროს. მეორე ის, რომ მან წარმადგინა ამ მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად. რაც შეეხება ჰააგაში პროცესს, ამ მომენტისთვის, მე ვარ არჩეული მოსამართლე. არჩეულ მოსამართლესა და მოსამართლეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლე გავხდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად შევუდგები უფლებამოსილების შესრულებას. ეს არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის, იმ ვადაზე, რა ვადაშიც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას, შემდეგ ორგანიზაციული საკითხებია – სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე საკითხებით როდის ჩანიშნავს სასამართლო ამ პროცესს, შემდეგ უკვე მომიწევს გამგზავრება, რა თქმა უნდა, სანამ მე მოსამართლე გავხდები მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.