დავით სერგეენკო: თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მავნებლურია და ამით ვინმეს ქულები არ ჩაეწერება
“თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მავნებლურია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ამის საჭიროება არ არის და ამით ვინმეს არც ქულები ჩაეწერება.
„ასეთი განცხადებების გაკეთება არათუ საჭირო არ არის, არამედ მავნებლურია ასეთი საჯარო განცხადებები, როგორც ეს დღეს გაკეთდა თურქეთის სახელმწიფო წინააღმდეგ. უბრალოდ, ამის საჭიროება არ არის და ამით ვინმეს არც ქულები ჩაეწერება. პირიქით, ალბათ, დამაზიანებელი იქნება ასეთი განცხადებების კეთება, რადგან კონსულტაციები უკვე შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ადამიანი საკითხში მინიმუმ უნდა გაერკვეს და განცხადებები შემდეგ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა მსოფლიო საანგარიშო ქსელში, მეზობელი სახელმწიფოსგან ეს არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი“.