ანუკი არეშიძე: ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია, ჩემი შრომით მიღებული სარგებელი სხვებსაც გავუნაწილო

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანუკი არეშიძის მორიგი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფოტოებზე აღბეჭდილი იყო დიზაინერის სტუმრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც ჩანს, რომ ანუკი მათ პირადად ესტუმრა და საყოფაცხოვრებო პროდუქტები, სასაჩუქრე ნაკრებები და ტანსაცმელი გადასცა, ოჯახის პატარა წევრებს კი თოვლის ბაბუაც ასტუმრა.

ანუკი არეშიძე ასეთ საკითხებზე არ საუბრობს, ამიტომ, ინტერვიუზე დათანხმება მარტივი არ ყოფილა. ბევრი არ ისაუბრა, თუმცა, მისი დამოკიდებულების შესახებ მაინც გავიგეთ. დიზაინერს მიაჩნია, რომ თანადგომა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და ბედნიერია, რომ შეუძლია, საკუთარი შრომით მიღებული სარგებელი სხვასაც გაუნაწილოს.

„სიკეთე, თანადგომა და მზრუნველობა მნიშვნელოვანი საზრდოა სულისთვის. ყველა ადამიანს სიამოვნებს და სჭირდება ყურადღება და გვერდში დგომა. ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი დიდი საგანძურია, რომლის შესახებ საუბარი არ მიმაჩნია საჭიროდ. სიკეთის კეთებასა და ადამიანების დახმარებას ბავშვობიდან გვასწავლიან. შემდეგ ჩვენზეა დამოკიდებული, ვინ რას როგორ გავაკეთებთ, ვისთვის ან რისთვის დავიხარჯებით. ერთადერთი, რაც ჩემი ფონდისა და ქველმოქმედების შესახებ შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია, ჩემი შრომით მიღებული სარგებელი სხვებსაც გავუნაწილო. ამას ყოველთვიურად ვაკეთებ და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას”, – აღნიშნა ანუკი არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები