„სააკაშვილის მთავრობამ მიიღო ძალიან საშიში გადაწყვეტილებები, რომელთა შინაარსიც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვასა და უცხო სახელმწიფოსთვის მის გადაცემას” – ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯზე

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას დავით გარეჯის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ, 1938 წლის რუკის მიხედვით, დავით გარეჯის აწ უკვე სადავო ტერიტორიები სრულად არის საქართველოს შემადგენლობაში.

ღარიბაშვილის თქმით, გარეჯის თემის გარშემო სააკაშვილის მთავრობამ ძალიან საშიში გადაწყვეტილებები მიიღო.

„დავით გარეჯთან მიმართებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 1996 წელს პრეზიდენტების – ჰეიდარ ალიევისა და შევარდნაძის დავალებით. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ განსაზღვრა, რომ ერთადერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა და საზღვრის საკითხებს გადაწყვეტდა, იქნებოდა 1938 წლის შეთანხმება და რუკა, შესაბამისად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ იხელმძღვანელებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ 1938 წლის რუკით.

სამწუხაროდ, წლების შემდეგ აღმოჩნდა და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის, რომ სააკაშვილის მთავრობამ მიიღო ძალიან საშიში გადაწყვეტილებები და სწორედ ეს აქვს ახლა გასარკვევი პროკურატურას. მათი გადაწყვეტილებების შინაარსი განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვასა და უცხო სახელმწიფოსთვის მის გადაცემას, მათ შორის, დავით გარეჯის ნაწილის გადაცემას.

ზემოხსენებული რუკის მიხედვით, გარეჯის ახლა უკვე სადავო ტერიტორიები სრულად არის ჩვენს შემადგენლობაში. ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს, ვინაიდან ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო და გავარკვიეთ, რომ  ყველა ის რუკა და სხვა დოკუმენტაციები საქართველოს არქივებიდან გამქრალი იყო. ასევე გამოიკვეთა ისიც, რომ წინა მთავრობასა და კომისიას, როგორც მე ვიცი, არასოდეს  მოუძიებია 1938 წლის რუკა, რის მიხედვითაც იქნებოდა შეთანხმებული სადავო ტერიტორიები. უფრო მეტიც წინა მთავრობის კომისია ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა და შედეგად ხდებოდა ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების გაფორმება.

აღნიშნული რუკის მიხედვით საქართველოსა და აზერბაიჯას შორის საზღვარი გადიოდა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქედის ძირში, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში. ნაცვლად იმისა, რომ წინა მთავრობას საზღვარი გაეტარებინათ ჩიჩხიტურის მონასტერთან, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე და არა მის ძირში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები