რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულებები განიხილეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულებები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდამჭერი პროექტი – „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამა)” წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს სესხის სახით 115.3 მლნ. ევრო გამოეყოფა, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში მიიმართება.
რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, აღნიშნული ფინანსური რესურსი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებას მოხმარდება.
მინისტრის მოადგილემ მეორე სასესხო შეთანხმება – „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)” წარადგინა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოსთვის 17.740 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხარდაჭერას მოხმარდება.
კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში დადებითად გადაწყდება ის საკითხი, რომელიც თელავის წყალმომარაგებას შეეხება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)” N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება” და „2019 წლის 29 ნოემბრის საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)” N1 ცვლილების შეთანხმება” ხელშეკრულებებიც გააცნო და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება გამოყოფილი ფინანსური რესურსით იგეგმება.
კომიტეტის წევრები „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (მეურნეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტი” შეთანხმებასაც გაეცნენ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა წარმოადგინა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს სხდომაზე განხილულ ფინანსურ შეთანხმებებს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.