დავით სერგეენკო: პანდემიის მართვის მხრივ ნებისმიერი შემსუბუქება არის შემთხვევების რაოდენობის ზრდა, მეორე მხრივ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია
“რა მექანიზმებით მოხდება მობილობის შემცირება – დიდი სავაჭრო ცენტრების შეზღუდვა, მცირე სავაჭრო ცენტრების თუ ტრანსპორტის, ამაზე ეპიდემიოლოგები აკეთებენ კვლევას, ნახულობენ – სად არის ყველაზე მაღალი რისკი და ცდილობენ, რომ ის მიმართულება დაბლოკონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება შემთხვევების რაოდენობის ზრდას ნიშნავს, თუმცა, მეორე მხრივ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გასათვალისწინებელია.
„ინდივიდურ დონეზე ჩვენ, ჯერჯერობით, ვაქცინამდე გვაქვს სამი ინსტრუმენტი, ეს არის ნიღაბი, ხელების დამუშავება, დისტანცია. სისტემურ დონეზე გვაქვს ერთი ინსტრუმენტი – მობილობის შემცირება.
პანდემიის მართვის მხრივ ნებისმიერი შემსუბუქება არის შემთხვევების რაოდენობის ზრდა, მეორე მხრივ გასათვალისწინებელია მოსახლეობის მდგომარეობაც, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასე რომ, ოპტიმალური შუალედია მოსაძებნი”, – განაცხადა სერგეენკომ.