პოლიციამ ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე დააკავა

თბილისში 2011 წელს დამამძიმებელ გარემოებაში ზურა ტარყაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, 2011 წლის 17 ოქტომბერს, შუადღისას რუსთაველის გამზირზე  ზურა ტარყარაშვილი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით სამი პირი გაასამართლეს – დავით რუსიშვილს 21 წელი, ივერი გოგბერაშვილს 24, ხოლო დღეს დაკავებულ, ძებნილ ირაკლი აგლაძეს 31 წელი მიესაჯათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები