მამუკა მდინარაძე: ბევრ ვერსიას განვიხილავთ, რათა საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით იმუშაოს
“ჩვენ ბევრ ვერსიასა და ვარიაციას განვიხილავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს ოპოზიციის ჩართულობით, რადგან მათ საბოლოოდ უნდა გაითავისონ, რომ ისინიც ხელისუფლების ნაწილი არიან”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, მდინარაძის თქმით, თუ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს, მას დაფინანსება არ უნდა გადაეცეს.
“ბუნებრივია, პოლიტიკაში მანევრები არის და ლეგიტიმური ინტერესია, რომ თუ პარტია და კონკრეტული გუნდი სახელმწიფოებრივად ფიქრობს, უნდა, სახელმწიფოებრივი შედეგი მიიღოს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე. ამ ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრ ვერსიასა და ვარიაციას განვიხილავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს ოპოზიციის ჩართულობით, რადგან მათ საბოლოოდ უნდა გაითავისონ, რომ ისინიც ხელისუფლების ნაწილი არიან.
ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაფინანსების საკითხზე სამართლებრივ ნაწილში კამათში ვერავინ შემოდის. იქნებ, ოპოზიციას ჰკითხოთ, მხოლოდ მიღებული ხმების რაოდენობა არის თუ არა კრიტერიუმი სახელმწიფო დაფინანსების მიღებისა. დაფინანსება პირდაპირ მიბმულია იმასთან, არის თუ არა საპარლამენტო პარტია და გადალახა თუ არა ბარიერი. ვინაიდან, არასაპარლამენტო პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად არ იწოდებიან, ისინი დაფინანსებას არ იღებენ. თუ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს, ლოგიკურია, მას დაფინანსება არ გადაეცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.