ანრი ოხანაშვილი: ამნისტია სახელებსა და გვარებს არ ითვალისწინებს, ის ორიენტირებულია კონკრეტულ მუხლებზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტია სახელებსა და გვარებს არ ითვალისწინებს, ის ორიენტირებულია კონკრეტულ მუხლებზე.
,,ჩვენთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტია და, ამასთან, პრიორიტეტია, რომ ისე დავიცვათ ადამიანის უფლებები, რომ სხვათა უფლებების ხელყოფის რისკი არ შეიქმნას.
თავისი არსით, ამნისტია სახელებსა და გვარებს არ ითვალისწინებს. ის ორიენტირებულია კონკრეტულ მუხლებზე და, შესაბამისად, აქ ვერ იქნებიან გათვალისწინებული კონკრეტული სუბიექტები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. პროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.
ამნისტია არ ეხებათ ნარკოტიკების ან მისი ანალოგი საშუალებების რეალიზატორებს.