შალვა ნათელაშვილი: ნუ მიგვიყვანენ აქამდე, დროზე დაცალონ კაბინეტები, თუ არ დაცლიან, რაც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი იქნება და კიდევ უარესი, რომელსაც ახლა ვერ ვიტყვით
“ნუ მიგვიყვანენ აქამდე, დროზე დაცალონ კაბინეტები. თუ არ დაცლიან, რაც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი იქნება და კიდევ უარესი, რომელსაც ახლა ვერ ვიტყვით”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტის ფორმირება ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია, საპროტესტო აქციები კი ამ პროცესს დააჩქარებს.
„ის, რაც მოხდა დღევანდელ სინამდვილეში – ერპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ტირანი ოლიგარქის კლანი „ქართუ ბანკიდან“ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია და რომ ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია. საპროტესტო აქციები და ალტერნატიული პარლამენტები მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს. საკონსულტაციო, სტრუქტურული ინსტიტუტები თავის ხმას ორგანიზებულად გააგონებენ ქვეყანას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას და დააჩქარებენ ხელისუფლების დაკრძალვას. ეს თემებია განხილვაში. ჩვენი პოზიციაა, რომ შეიქმნას ალტერნატიული, სახალხო პარლამენტი, თავისი კომიტეტებით, კომისიებითა და სტრუქტურებით. ალტერნატიულ-სახალხო-საკონსულტაციო პარლამენტის, პლატფორმის თემა განხილვაშია. ასევე, განხილვაშია საყოველთაო საპროტესტო მოძრაობის განახლებაც და ივანიშვილის მიმართ გლობალური ფინანსური სანქციების გატარების საკითხი ევროკავშირიდან, აშშ-დან, რომელსაც ხელს მოაწერს მთელი ოპოზიცია.
ნუ მიგვიყვანენ აქამდე, დროზე დაცალონ კაბინეტები. თუ არ დაცლიან, რაც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი იქნება და კიდევ უარესი, რომელსაც ახლა ვერ ვიტყვით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.